ქვემოთ ნახავთ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ იწევს „ტორინოს” სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი მწვრთნელის ივან იურიჩის საცემად. ინციდენტი ავსტრიაში მოხდა. ვანიატი გუნდს სეზონისწინა შეკრებაზე ესტუმრა, სადაც განვითარდა კიდეც ქვემოთ მოყვანილი სცენა.

ჩხუბის მიზეზი იურიჩის საჯარო კომენტარები ყოფილა. ატყდა ყვირილი, ლანძღვა-გინება, მაჩხუბრები გასაშველებლები გახდნენ. „ფუტბოლ იტალია” წერს, რომ ვანიატი ყვიროდა: „ხმას ნუ იმაღლებ, შენ აქ ხალხს უპატივცემულოდ ეპყრობი! არადა, ყველასგან გიცავდი! იმ ნაბიჭვრისგანაც სულ გიცავდი!”.

სავარაუდოდ, ვანიატიმ ნაბიჭვარი კლუბის პრეზიდენტ ურბანო ჩიაროს უწოდა.

დირექტორის ყვირილს 46 წლის იურიჩი გინებით პასუხობდა.

ვიდეოზე ჩანს, რომ მაჩხუბრებს მესამე კაცი აშველებს. სავარაუდოდ ეს თავდამსხმელის პიეტრო პელეგრინის მამა მარკო პელეგრინია.

რამდენადაც ცნობილია, იურიჩი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით არის უკმაყოფილო. „ტორინომ” ჯერჯერობით ოთხი ფეხბურთელის ყიდვასა და ერთის იჯარაში 15,5 მილიონი ევრო გადაიხადა, დაცვის ერთ-ერთი ბურჯი გლეისონ ბრემერი კი 41 მილიონად „იუვენტუსს” მიჰყიდა.

„ტორინო” გასულ სეზონში სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. გუნდმა გასავარდნთა ზონას 20 ქულით გაუსწრო და ამდენივეთი ჩამორჩა მეოთხე ადგილზე გასულ თანაქალაქელ „იუვენტუსს”.