დღეს, UEFA-ს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებია. საქართველოდან ორი გუნდი შემოგვრჩა – ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ დედაქალაქელებს აქვთ.
„საბურთალომ“ შინ 1:0 მოუგო რუმინულ „სტიაუას“ და დღეს ესტუმრება. ექსპერტები ლაშა ნოზაძის გუნდის შანსს მცირედით აფასებენ, მაგრამ არც მეტოქეს ულხინს. გუნდმა სულ ახლახან მწვრთნელი შეცვალა, ნიკოლაე დიკამ კი, გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიშის გამართვა მოასწრო. თუ „საბურთალო“ იმ ფეხბურთს ითამაშებს, რაც თბილისში აჩვენა, მაშინ მისი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.
„სტიაუას“ გასატანი აქვს, მაგრამ თავიდანვე თავქუდმოგლეჯილი არ შეგვიტევს. ამიტომ, საჭიროა დაცვაში ყურადღებით თამაში, რაც დროის გასვლასთან ერთად მეტოქის პანიკასაც გამოიწვევს და სივრცეების გახსნასაც. თამაში 21:30 საათზე დაიწყება და „საბურთალოსთვის“ პრობლემა სავსე სტადიონიც იქნება, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. როგორც რუმინელები წერენ, ტრიბუნებზე ცარიელი ადგილი არ იქნება…
ყველა ბილეთი გაყიდულია ბათუმშიც, მაგრამ „დინამოს“ შანსი თითქმის ნულის ტოლია. ზღვისპირულმა გუნდმა ყველაფერი პირველ მატჩში წააგო, როდესაც პოზნანში 0:5 დამარცხდა. პოლონელი ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ დინამოელებს მატჩის წინა ღამეს სასტუმროში მაგრადაც მოულხენიათ…
განმეორებით მატჩს ინტრიგა აღარ აქვს. ახლა „დინამომ“ ღირსება უნდა დაიცვას და პატივი იმ მაყურებელს უნდა სცეს, ვინც ბილეთები ჯერ კიდევ პოზნანის მატჩამდე იყიდა. პლუს, საქართველოს UEFA-ს ევროტურნირების რეიტინგში მინიმალური კოეფიციენტი შემატოს… ბათუმური მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.