რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში” გადასვლით კმაყოფილია, ჩავის როგორც მწვრთნელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ 34 წლისა თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე პირადობის მოწმობაში უწერია.
— თქვენთან ერთად „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს?
— აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ტიტულები მოვიგო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა თასია, მაგრამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა კეთება.
— პირველი დღეების ადაპტაციაზე რას იტყვით?
— პირველივე წამიდან თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. ბედნიერი ვარ. ყველა კარგად შემხვდა.
— რაფინიამ გაგაოცათ?
— მასთან თანამშრომლობა ძალიან იოლია. ის დიდებული ფეხბურთელია. გარდა ამისა, აქ ვხედავ დიდი პოტენციალის მქონე მოწადინებულ ახალგაზრდობას.
— როგორ ფიქრობთ, პეპ გვარდიოლა და ჩავი როგორც მწვრთნელები ერთმანეთს გვანან?
— „ბარსელონას” სისტემის გაგება მართლაც მიადვილდება, რადგან პეპთან წლობით ვიმუშავე. გვარდიოლა და ჩავი დიდი მწვრთნელები არიან, რომელთათვის ტაქტიკური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის იმის მიხვედრა, რას მთხოვს ჩავი, ძნელი არ არის.
— რაც „ბარსელონაში” გადახვედით, რამდენჯერ გაგახსენეს ოთხი გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „რეალს” გაუტანეთ?
— ფეხბურთი ის არ არის, რაც გაგიკეთებია. ფეხბურთი ის არის, რასაც ახლა აკეთებ. „რეალის” კარში გატანილი ოთხი გოლი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
— არც „ბაიერნთან” 2:8 უხსენებიათ?
— ეს მითუმეტეს არ უხსენებიათ. არავის ახსოვს.
— როგორ ფიქრობთ, „ბარსელონაში” დიდხანს დარჩებით?
— თავს უფრო ახალგაზრდულად ვგრძნობ, ვიდრე პირადობის მოწმობაში მიწერია. ნამდვილად ვერ გეტყვით ასე რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ რამდენიმე წელი რომ გასტანს, დარწმუნებული ვარ.





