„ვალენსიამ” „შტუტგარტთან” ამხანაგურ შეხვედრაში 2:5 წააგო. ესპანური გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, მაგრამ ვინც გერმანიაში გამართული ამ ამხანაგური შეხვედრის „სტრიმს” უყურა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო მოშლილი გუნდის თამაში გაცილებით დალაგებულ მოწინააღმდეგესთან. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვალენსიას” დაცვა საერთოდ არ ჰყავდა.

სურათი ნათელია: კლუბმა თანამდებობიდან გაუშვა ხოსე ბორდალასი, რომელიც „ღამურებს” გასულ სეზონში კონტრშეტევაზე ათამაშებდა. შესაბამისად, გუნდს ჰყავდა ე.წ. მასირებული დაცვა და გრძელ, ზონაში პასებს ანიჭებდა უპირატესობას. ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო სხვანაირი ფეხბურთის მოყვარულია. იტალიელს უყვარს როდესაც მისი გუნდი ბურთს ათამაშებს და შესაბამისად ფეხბურთელებისგან მოკლე, ფეხში პასებს ითხოვს. ანუ, „ვალენსია” თავს დიდი ძალებით აღარ იცავს და შესაბამისად ზურგიც მოშიშვლებული აქვს. ასეთ დროს კლუბმა ან მაღალი დონის მცველები უნდა იყიდოს, ან შეეგუოს, რომ წააგებს. ჩვენი მოსაზრების დასტურად ესპანურმა AS-მა დაწერა: გატუზოს აქვს ცოტა ფული და ბევრი სამუშაო!

ვინმემ რომ არ იფიქროს, თითქოს ქართველი მეკარის გამართლებას ვცდილობთ, ვიტყვით, რომ მეორე გოლი მისი შეცდომის გამო გავიდა. გატუზოს ტაქტიკა გოლკიპერისგან ლიბეროს ფუნქციის შეთავსებას მოითხოვს, გიორგის კი ფეხით თამაში დასახვეწი აქვს. დააკვირდით ეპიზოდს. ბორდალასის დროს გიორგი მოწინააღმდეგის ნახევრიდან გადმოგდებულ ბურთს ფეხს კი არ დაარტყამდა, არამედ ნაბიჯს უკან გადადგამდა და მშვიდად დაიჭერდა ხელში. დანარჩენი რა გითხრათ: მეკარეს მოწინააღმდეგეს მარტოს თუ შეატოვებ, გაუშვებს!