1981. 13 მაისი. დინამო-კარლ ცაისი. თენგიზ სულაქველიძე ებერჰარდ ფოგელის წინააღმდეგ

რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ეს ამბავი არ მავიწყდება. თან, რა საინტერესოა არა? – ამბავს სულ სამი მონაწილე ჰყავდა,  მე, ის ბიჭი და თენგიზ სულაქველიძე. მე – უნებლიე მოწმე, ის ბიჭი და თენგიზ სულაქველიძე კი მონაწილეები. სულაქველიძემ მაშინვე ვერ შეამჩნია რა მოხდა, ის ბიჭი კი ახლა, დაახლოებით 55 წლის კაცი იქნება და, სავარაუდოდ, თავისი ცხოვრების  სულ რამდენიმეწამიანი ეპიზოდი აღარ ემახსოვრება. მოკლედ, ერთადერთი „მემატიანე” ვარ.

ამბავი კი ასეთია: „დინამოზე“, დუბლების თამაში დასრულდა. დუბლების თამაში ძირითადი გუნდების შეხვედრის წინა დღეს იმართებოდა და გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო, როგორც საფეხბურთო მატჩი, იმითაც მოგვწონდა, რომ მის სანახავად ჩვენი ვარსკვლავებიც მოდიოდნენ თავიანთი მანქანებით. ისინი მანქანებს გასახდელების წინ აჩერებდნენ და ტრიბუნებზე ადიოდნენ. ერთი სიტყვით, თუ დასავლეთ ტრიბუნის პირველ იარუსზე დაჯდებოდი, დიდი შანსი იყო ყიფიანის, გუცაევის, შენგელიას, ჩივაძის, დარასელიას, სულაქველიძის, ხინჩაგაშვილის ან რომელიმე სხვა ფეხბურთელისა და მისი საძმაკაცოს გვერდით აღმოჩენილიყავი. ხედავდი შენს კერპებს არაფორმალურ გარემოში და მეორე დღეს შეგეძლო კლასელებთან ან უბნელებთან გეტრაბახა: გუშინ დარასელიამ ასე თქვა; ყიფიანი ისე მოიქცა; ვიღაცას ფეხი ჰქონდა შეხვეული; ვიღაცას მოდაში ახალი შემოსული ქოშები ეცვა… თამაში რომ დამთავრდებოდა, ისევ გასახდელებთან ჩავდიოდით და ვუყურებდით, როგორ სხდებოდნენ ბიჭები მანქანებში. თან, პირდაპირ ხომ არ ჩასხდებოდნენ. ჯერ გაჩერდებოდნენ, ვიღაცას რაღაცას ეტყოდნენ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გასახდელებთან ვდგავარ. დუბლების თამაში დასრულდა. შორიახლოს, თენგიზ სულაქველიძე ნაცნობს ელაპარაკება. ვხედავ ასე, მერვე-მეცხრეკლასელი ბიჭი მოდის. ვუყურებ. ზურგიდან, რაღაცნაირად, ფეხაკრეფით უახლოვდება ჭომას. მისვლა უნდა და ვერც ბედავს. ბოლოს, რამდენიმე ნაბიჯი რომ დარჩა, ეტყობა მხნეობა მოიკრიბა, გაიწია და… „დინამოს“ ნახევარმცველს დიდი მორიდებით თითი მიადო. აკი გითხარით, საუბარში გართულმა სულაქველიძემ ეს ფრთხილი შეხება მაშინვე ვერ იგრძნო, ბედნიერი ბიჭი კი იქაურობას გაერიდა.

ახლა, მე რომ დავიწყო იმის ახსნა, რატომ გააკეთა ბიჭმა ასეთი რაღაც, მგონია, რომ შეურაცხყოფას მოგაყენებთ.  იმიტომ გააკეთა, რომ… როგორ გითხრათ… იმ მომენტში მისთვის ღმერთკაცს შეეხო, ღმერთკაცთან შეხება კი უბრალო საქმე არ არის. ხოლო მე ამ ამბავს განა იმიტომ ვწერ, ბატონი თენგიზი უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩავაგდო, რომელი ღმერთკაცი მე ვარო, არამედ იმიტომ, რომ შეძლებისდაგვარად მკაფიო სურათი დავხატო, სად იყო და რა იყო მაშინ ქართული ფეხბურთი…

(ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც პირველად 2016 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ფეხბურთში”)