Manchester City Manager Pep Guardiola Sends Message to Ajax's Erik ten Hag  Following Manchester United Appointment - Sports Illustrated Manchester  City News, Analysis and More„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელებს გამოკვეთილი ხასიათი არასდროს აკლდათო, წერს „დეილი მეილი”. ინგლისური გაზეთის აზრით, ალექს ფერგიუსონის ხელში გლადიატორთა სულისკვეთება შეინიშნებოდა, ლუი ვან გაალი ექსცენტრული კაცი იყო, ხოლო ჟოზე მოურინიუ ბოროტი შოუმენის როლს ასრულებდა.

დევიდ მოიესი და ოლე გუნარ სულშერი უფრო თვინიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრიტანულ პრესას მათი მჭახე ციტატები არ აკლდა. დაახლოებით ასე იყო რალფ რანგნიკიც, რომლის როგორც წესი მცდარ დასკვნებს გულშემატკივარი ხშირად ეცნობოდა.

ერიკ ტენ ჰაგი კი სხვა ჯიშის ცხოველია — ესეც „დეილი მეილის” ციტატა გახლავთ. ჰოლანდიელი სპორტულ ფორმაში ჩაცმულ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც,, მისი ნება რომ იყოს, გუნდის გარშემო ყველას და ყველაფერს გააქრობდა: ხმაურს, აგენტების ფუსფუსს, სპონსორებს და მას-მედიასაც. მისთვის არსებობს ერთადერთი ფასეულობა: ყურადღების სრული მოკრება საქმის გარშემო.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ როდესაც ტენ ჰაგი და პეპ გვარდიოლა „ბაიერნში” ერთად მუშაობდნენ, კატალონიელი თავს ბედნიერად გრძნობდა. ის მონათესავე სულს ხედავდა — ადამიანს, რომელსაც დღე და ღამ ფეხბურთი აბოდებს და არ ადარდებს შოუ, რომელსაც ქმნის. ამ თვისების გამო ტენ ჰაგი სხვებზე უინტერესო არ ხდება, მაგრამ მისგან ნამდვილად არ უნდა ველოდოთ ე.წ. ფსიქოლოგიურ თამაშებს და პრეს-კონფერენციებზე მეტოქის აღელვების მიზნით განზრახ ნათქვამ სკანდალურ ფრაზებს.

ტენ ჰაგი იტყვის მხოლოდ იმას, რის თქმაც მოვალეობის მოხდისთვის იქნება საჭირო. ფერგიუსონი კი, გეხსომებათ, პრეს-კონფერენციებს მეტოქეზე მძლავრი თავდასხმის ეფექტისთვის იყენებდა. ტენ ჰაგისთვის პრესასთან ურთიერთობა ვალდებულებაა და მეტი არაფერი. რჩება შთაბეჭდილება, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა წინაშე ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

ტენ ჰაგი ინგლისურს ასატანად ლაპარაკობს, მაგრამ წინადადებებს მოულოდნელად ამთავრებს. იუმორის გრძნობა თითქოს აქვს. 10 დღის წინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი” ბანგკოკში ჩავიდა, მას სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს. ჰოლანდიელმა კითხვას მოკლედ, შვიდი სიტყვით უპასუხა. ყველა დაიბნა, მაგრამ უხერხული პაუზის შემდეგ მწვრთნელმა გაიღიმა და დარბაზსაც გაეცინა.

რასაკვირველია, ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს საგა არ სიამოვნებს, რადგან ყურადღება სხვაგან გადადის. არავინ ელოდა, რომ ის თავის ყოფილ გუნდს „აიაქსს” მიადგებოდა ფეხბურთელების წამოსაყვანად. თან ნახეთ, ლისანდრო მარტინესი 55,3 მილიონი გირვანქა დაჯდა, რაც ძვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „იუნაიტედს” ფრენკი დე იონგის შეძენა კიდევ 71 მილიონად უნდა.

თუმცა, ჰოლანდიელის ასეთ გადაწყვეტილებებს არავინ აპროტესტებს, რადგან მას იმ კაცის სახელი აქვს გავარდნილი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა.