„მუნდო დეპორტივოს” ცნობით 33 წლის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერმა „ბარსელონაში” ერთ ფეხბურთელს უკვე აურია დალაგებული ცხოვრება — კატალონიურ კლუბთან დაახლოებული გაზეთი წერს, რომ 28 წლის ჰოლანდიელ მემფის დეპაის ახალი ნავსაყუდელის ძიება მოუწევს.

ესპანეთში ამბობენ, რომ დეპაი მიხვდა რაც ელის — ამიერიდან მოედანზე გაცილებით იშვიათად შეუშვებენ. ამას დაამატეთ „ლიდს იუნაიტედიდან” „ბარსაში” რაფინიას გადასვლის ამბავიც. ლა ლიგას კი ხელფასებთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები აქვს. შესაბამისად, დეპაის გაყიდვით თანხა უნდა გათავისუფლდეს.

მემფის დეპაის „ბლაუგრანაში” არ გაუმართლა. გასულ სეზონში მან 15 შეხვედრა გამოტოვა. მიზეზი ხან აქილევსის მყესის, ხან კი ბარძაყის ტრავმა იყო.

„მუნდო დეპორტივო” წერს, რომ ჰოლანდიელი ბედს შეეგუა, ოღონდ „ბარსელონას” შეფებთან ერთი თხოვნა აქვს — უნდა, რომ ძლიერ კლუბში გაუშვან.

ინგლისურ პრესაში აქა-იქ გაკრთა ინფორმაცია, თითქოს დეპაის სანაცვლოდ 20 მილიონს „ტოტენჰემ ჰოთსპური” გადაიხდის.

Memphis Depay - Player profile 22/23 | Transfermarkt