„ჩელსის” მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ამიერიდან კარგად დაფიქრდება, სანამ აუცრელ ფეხბურთელებს იყიდის. საქმე ის არის, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეს ნგოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკს ამერიკაში სეზონისწინა შეკრება გაუცდათ. მიზეზი: ვაქცინირებულები არ იყვნენ.
ამრიგად, ორი ნახევარმცველი შინ დარჩა, დანარჩენმა გუნდმა კი ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ჩავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ადამიანებს, რომლებიც სრულად აცრილები არ არიან, არ უშვებენ.
ასეთსავე მდგომარეობაში ყოფილა „მენჩესტერ სიტი” რომელსაც ჯონ სტოუნზი და ფილ ფოდენი აშშ-ში ვერ წაჰყვნენ.
როგორც ირკვევა, კლუბებიდან ყველაზე რთულ დღეში „კრისტალ პალასია”. მას სხვებზე მეტი აუცრელი ფეხბურთელი ჰყოლია. როგორც „დეილი მეილი” წერს, ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმაც მკაცრი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ აუცრელ ფეხბურთელებს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანს.
ინგლისურ ბაზარზე მომუშავე აგენტების ცნობით, ბოლო დროს ძალიან გახშირდა იმ მწვრთნელთა რაოდენობა, რომლებიც თუ გაიგებენ რომ ფეხბურთელი აცრილი არ არის, ტრანსფერისგან თავს იკავებენ.
ტუხელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გახდა თუ არა მისთვის ფეხბურთელის ვაქცინაციის სტატუსი მნიშვნელოვანი.
„დიახ, გახდა, — უპასუხა მან, — აცრა ნორმალური გადაწყვეტილებაა”.