ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს.

ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო.

No description available.ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ სწორედ პორტუგალიამ შეგვიწყვიტა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე გამარჯვებათა საოცარი, 20-მატჩიანი სერია – 6 თებერვალს „მესხზე“ 25:25 დაგვიფიქსირა. ის, რომ „მგლებს“ ხუმრობა არ უყვართ და ნებისმიერ სათამაშო ხარვეზს საკუთარი სარგეგბლისთვის იყენებენ, სწორედ იმ მატჩში გამოჩნდა, ამდენად, მეტოქის დაუფასებლობა წარმოუდგენელიც კი იყო.

ამას გარდა, ბოლო მომენტში გუნდს ორი ბექა გამოაკლდა – საღინაძესა და გორგაძეს სიცხემ აუწია, კოვიდი არცერთს დაუდასრურდა, მაგრამ სიცხიანი ბიჭების მოსაკლისება მაინც მოუხდა მაისაშვილს. პლუს ამას, ოთია გიორგაძეს ტვინის შერყევა დაუდგინეს და მშობლიურ ქალაქში მისი თამაშიც გამოირიცხა. გვრჩებოდა ორი ნომინალური მესამეხაზელი – ივანიშვილი და მამამთავრიშვილი. რა უნდა ექნა სამწვრტნელო შტაბს? გამოსავალი მაინც მოიძებნა – მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი ფლანკერად გადაკვალიფიცირდა და ისე შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, თან მშობლიური პუბლიკის წინ.

No description available.მაგრამ მარქაფაშიც ხომ უნდა ჰყოლოდათ ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრავმატური ამპლუის მოთამაშე? ჰოდა, იქ ლადო კილასონიას მიმართეს დახმარებისთვის, რომელმაც იტალიიდან თავისი 20-წლამდელების ჩამოყვანა მოასწრო, იმ დიდი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ბექა შვანგირაძე კი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. მეორე ტაიმში სახელოვანი ქუთაისური სარაგბო დინასტიის ამ 20 წლის წარმომადგენელმაც მიიღო კუთვნილი წუთები და ესეც კიდევ ერთი დებიუტანტი!

და რაც ამ მატჩს ამშვენებდა: სანდრო თოდუამ მე-100 სანაკრებო კეპი სწორედ „ლობუშთან“ ჯახში მოიხვეჭა, ძალიან საიმედოდ ითამაშა, ძალზე სტაბილური იყო და ცენტურიონთა კლუბშიც დამსახურებულად შეაბიჯა!

No description available.23 ქულიდან კი 18 ქუთაისელებმა გააკეთეს – 9:6 მოგებულ პირველ ტაიმში თედო აბჟანდაძემ სამჯერ გაიტანა საჯარიმო, მეორეში კი ორივე ლელო გარდასახა – ჯერ ასევე ქუთათური მირიან მოდებაძისა, ბოლო წუთზე კი – ნინიაშვილის! ორივე – მარჯვენა კუთხესთან, ორივე – ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დაიდო, ოღონდაც მოდებაძის ლელოშიც დიდი წვლილი დათუნა ნინიაშვილისაა, ვინც ხელით ბურთი ცენტრიდან ფლანგზე ეულად დარჩენილ მირიანს ასე 30 მეტრზე გადაუგდო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ბექა გიგაშვილი დაასახელეს, რომელსაც რეფერიმ და ვიდეორეფერიმ პირველ ტაიმში ალალი ლელო არ ჩაუთვალეს. არა უშავს, მთავარია, რომ გუნდმა მოიგო და ხანმოკლე არდადეგებზეც თავაწეული გავიდა.