Чемпионство с «пионерами», сборная на Евро. Чем запомнился Георгий Ярцев: Яндекс.Спортგეორგი იარცევი გარდაიცვალა. ძველი თაობის ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მოსკოვის „სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელი. ის ლეგენდარული თბილისის „დინამოს” პერიოდში თამაშობდა. იარცევმა ბევრი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ხალხს ყველაზე მეტად 1977-80 წლებიდან, კონსტანტინ ბესკოვის „სპარტაკიდან” ახსოვს.

1977 წელს, როდესაც იარცევი კოსტრომის „სპარტაკიდან” პირველ ლიგაში გავარდნილ მოსკოვის გუნდში გადაიყვანეს, ის უკვე 29 წლის იყო. სწორედ მაშინ დაუდგა კარიერის საუკეთესო პერიოდი. ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ იარცევი მწვრთნელი გახდა. სხვა გუნდებს შორის ის „სპარტაკსაც” ედგა სათავეში. 2002-05 წლებში იყო რუსეთის ნაკრების თავკაცი.

„სოვეტსკი სპორტმა” იარცევს ვეტერანი ფეხბურთელის ევგენი ლოვჩევის საინტერესო მოგონება მიუძღვნა, რომელიც პირველ ლიგაში თამაშის პერიოდს ეხება. ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს საბჭოთა კავშირის რაობა და დამოკიდებულება ადამიანებისადმი. იარცევმა თურმე პირველივე სეზონში კინაღამ დატოვა გუნდი.

„სეზონის მიწურულს ჩვენ, „ფახტაქორი” და მინსკის „დინამო” ვლიდერობდით, მოყვა ლოვჩევმა, — ჟორა (იარცევი), ხიდია (ვაგიზ ხიდიატულინი), სოროკინი და გლუშაკოვი ტარასოვკის ბაზაზე ცხოვრობდნენ. ჟორა ბინის რიგში პირველი იყო. თან გუნდს მხოლოდ ერთი ბინა გამოუყვეს. და აი, ასეთ დროს დუშანბეში 1:1 ვითამაშეთ. ბესკოვმა ცუდი შედეგი ჟორას დააბრალა, ნიკოლაი სტაროსტინმა (გუნდის უფროსი, ვეტერანი ფეხბურთელი) კი იცოდა იური გავრილოვს როგორ უჭირდა და გადაწყვიტა ბინა მისთვის მიეცა.

დუშანბეს შემდეგ ჩავედით ტაშკენტში. ბესკოვმა გვითხრა, რომ „ფახტაქორის” ხელმძღვანელები ფრეს გვთავაზობდნენ, მაგრამ დასძინა: „მათ ჩვენი ეშინიათ. მოვიგებთ”. და მართლაც 3:1 მოვიგეთ, ჟორამ ორი გოლი გაიტანა.

თუმცა იარცევმა უკვე იცოდა, რომ ბინას გავრილოვს აძლევდნენ და თვითმფრინავში გამომიტყდა, რომ „სპარტაკიდან” წასვლა გადაწყვიტა. ის კოსტრომაში დაბრუნდა. დანიშნეს კრება. ბესკოვმა იარცევს დაუსწრებლად თავს რისხვა დაატეხა, ვინ ხარ, რა გაგიკეთებია გუნდი რომ მიატოვეო და მისი დისკვალიფიკაცია მოითხოვა. ყველა გაჩუმდა. მე კი ავდექი და ვთქვი: კონსტანტინ ივანოვიჩ, რატომ უნდა მივუსაჯოთ ჟორას დისკვალიფიკაცია? ადამიანს ამდენი გოლი გააქვს, გუნდის ლიდერობაში ამხელა წვლილი შეიტანა. და თითქოს ამას ელოდნენო, ბიჭებმა ჟორას შეწყალებას მისცეს ხმა. ორიოდ დღეში იარცევი დაბრუნდა. 1978 წელს ის უკვე უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო, 79-ში კი ჩემპიონები გავხდით”