16 ივლისს 18 საათზე ქუთაისის სარაგბო სტადიონ „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი.
ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან, მათ ხომ გასულ კვირას ბათუმში თვით იტალია დასცეს! მაგრამ „ლობუშთან“ შეხვედრასაც ახლავს ქვეტექსტი: სწორედ „მგლებმა“ შეწყვიტეს ბორჯღალოსანთა გამარჯვებების მრავალწლიანი და მრავალმატჩიანი სერია.
საუბარია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, სადაც 2017 წლის მარტში რუმინელებთან მარცხის შემდეგ ქართველებმა 2022 წლის 6 თებერვლამდე უკლებლივ ყველა მატჩი მოიგეს.
6 თებერვალს კი, ვაკეში, კერძოდ „მიხეილ მესხზე“ პორტუგალიელებმა ჩვენი ნაკრები კინაღამ დააშამათეს – ლევან მაისაშვილის პანდემიით დასუსტებულმა რაზმმა რის ვაივაგლახით მოახერხა საყაიმო შედეგის დაფიქსირება – 25:25. ეს იყო საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა 23-ე შეხვედრა, რომელთაგან ბორჯღალოსნებმა 16 მოიგეს, 4 წააგეს და 3 ფრედ დაასრულეს. აი, ასეთი პრინციპული მეტოქე გვეყოლება ქუთაისში.
სხვა დატვირთვა ამ მატჩს სიმბოლური და სასიამოვნოც ახლავს – ალექსანდრე თოდუა მე-100 თამაშს ჩაატარებს ბორჯღალიანი კვართით და გახდება მე-4 ქართველი ცენტურიონი – ასე ეწოდება რაგბში „ასიანთა კლუბის“ წევრს. პირველმა ეს ზღვარი მერაბ კვირიკაშვილმა გადალახა, მერე იგივე დავით კაჭარავამ გაიმეორა და მესამე კი გიორგი ჩხაიძე გახლდათ. სანდროს ამ ზღვრისთვის ადრეც უნდა მიეღწია, მაგრამ პანდემიამ, ვინ მოთვლის, რამდენი სანაკრებო მატჩი გაგვიუქმა…
მოკლედ, განწყობა, საზეიმო, ამაღლებული და იმედია, საბრძოლოც იქნება. პორტუგალიას კუთვნილი ადგილი უნდა მიეჩინოს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში:
1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 22 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 29, 10), 4. ლადო ჩაჩანიძე (ბაიონი, 1, 0), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 73, 10), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 28, 15), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 3, 0), 8. ბექა გორგაძე (პო, 36, 40), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 40, 27), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 34, 266), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 99, 75), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 86, 70), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 17, 5), 14. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18, 40), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 13, 28).
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა, 69, 25), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 31, 10), 18. გურამ პაპიძე (პო, 1, 0), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 38, 5), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 3, 0), 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 66, 73), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92, 53), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 41, 25).