ვერ გეტყვით რანაირად იმოქმედებს ეს ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კლუბ „ნაპოლიზე” ან პირადად ხვიჩაზე, მაგრამ ნეაპოლელთა სენეგალელი ცენტრალური მცველი, 31 წლის კალიდუ კულიბალი ამბობს, რომ „ჩელსიში” ფაქტობრივად გადასულია. მოგეხსენებათ, ლონდონელებს ერთბაშად ორი მოთამაშე მოაკლდათ, ანტონიო რუდიგერი და ანდრეას კრისტენსენი, რის გამოც ისინი მათი შემცვლელების ძიებაში არიან.
კულიბალი ზუსტად იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, „ლურჯების” გერმანელ მწვრთნელს თომას ტუხელს რომ სჭირდება. როგორც ირკვევა, „ჩელსი” მზად არის უყოყმანოდ გადაიხადოს 34 მილიონი გირვანქა, რომელსაც კულიბალის სანაცვლოდ სერია A-ს მესამეადგილოსანი ითხოვს. სენეგალელს კონტრაქტის თანახმად დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი წელიწადი აქვს გასატარებელი, თუმცა „ჩელსიში” გადასვლაზე უკვე თავადაც დაუფარავად ლაპარაკობს:
„ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ვადასტურებ, რომ ყველაფერი კარგად მიდის”, — ამბობს ის.
არც ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის დაუმალავს, რომ კულიბალი გზად აიყარა.
სპალეტი: „მე მერჩივნა კულიბალი მუდმივად ჩვენთან ყოფილიყო, მითუფრო, რომ ის ჩვენი კაპიტანი იქნებოდა, მაგრამ თუკი წასვლა გადაწყვიტა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, რადგან ის ამას იმსახურებს. ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერები ვიქნებით”.
ამბობენ, რომ „ჩელსიში” შეიძლება „მანჩესტერ სიტის” 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ნათან აკე გადავიდეს, უფრო სწორედ კი დაბრუნდეს. ფეხბურთელი, რომელსაც დაცვის მარცხენა ფრთაზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც, 2012-17 წლებში „ჩელსის” საკუთრება იყო, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა. ის ნიადაგ იჯარით იყო გაშვებული ხან „რედინგში”, ხან „უოტფორდში”, ხანაც „ბორნმუთში”, რომელსაც ბოლოს მიჰყიდეს კიდეც. აკე 41 მილიონ გირვანქად სწორედ „ბორნმუთიდან” გადავიდა „სიტიში”.
„სიტიდან” „ჩელსიში” რაჰიმ სტერლინგიც გადადის, რომელიც კვირაში 300 000 გირვანქას მიიღებს. თავდამსხმელს კონტრაქტზე ხელის მოწერამდე სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა გასავლელი. ის ახალ გუნდში პირველად, სავარაუდოდ, შემდგომ ოთხშაბათს, „შარლოტთან” ან შაბათს, ორლანდოში „არსენალთან” ითამაშებს.