Samuel Castillejo of AC Milan in action during a training session at Milanello on July 08, 2022 in Cairate, Italy.გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ამ ზაფხულში პირველი ფეხბურთელი დაიმატა — 27 წლის გარემარბი სამუ (ანუ სამუელ) კასტილეხო. ის „ღამურებს” „მილანიდან” შეუერთდა, სადაც 2018-22 წლებში თამაშობდა.

ეს მეორე სიახლეა „ვალენსიას” ბანაკიდან. პირველი გახლავთ ის, რომ კლუბმა სცადა თავდამსხმელის უგო დუროს გაყიდვა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ შეძლო და გამოაცხადა, რომ „ხეტაფეს” ყოფილი ფეხბურთელი „მესტალიაზე” რჩება.

როგორც „მუნდო დეპორტივო” წერს, სამუ კასტილეხო ვალენსიელებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელთ. მას „მილანთან” კონტრაქტი აღარ აკავშირებდა. „კასტილეხომ „ჩეებთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბარსელონაში, ჟანდარმის ოჯახში დაბადებული ფეხბურთელი „მილანში” თამაშის პერიოდში „ღამურების” ახლანდელი თავკაცის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობითაც თამაშობდა გარკვეულ ხანს.

მამის პროფესიის გამო ის მალაგაში იზრდებოდა და შესაბამისად „მალაგას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2015-18 წლებში კასტილეხო „ვილიარეალში” გამოდიოდა.

„მილანში” კასტილეხოს ბოლო სეზონი განსაკუთრებით ცუდი ჰქონდა. ის მოედანზე მხოლოდ ხუთ შეხვედრაში შეუშვეს, სულ 122 წუთით, ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან კი საერთოდ ამოიღეს.

ესპანურ პრესაში წერენ, რომ კასტილეხო „ვალენსიას” გამოადგება. გონსალო გედეშის დარჩენის შემთხვევაში ის პორტუგალიელს გოლების გატანასა და საგოლე პასების გადაწოდებაში დაეხმარება.