Ronaldo is not currently with the rest of the Man Utd squad on their pre-season tour
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ვარჯიში რონალდუს გარეშე დაიწყო

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედისგან” ექვსნიშნა ბონუსი მიიღო და… კლუბიდან წასვლა ითხოვა. მოვლენათა ასეთმა თანხვედრამ ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა.

რა ფული მისცეს პორტუგალიელს? ეს გახლდათ თანხა, რომლის თაობაზე მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი და მანჩესტერული კლუბი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს შეთანხმდნენ, როდესაც რონალდუ „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა.

საქმე ის არის, რომ რონალდუ მანჩესტერში ხელფასის ფაქტობრივ განახევრებას დათანხმდა. იტალიაში, ბონუსებიანად მას კვირაში 900 000 გირვანქის ტოლი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა „იუნაიტედში” მიდგომა შეიცვალა. ინგლისური კლუბი ვარსკვლავს სეზონის ბოლოს, წლიურ პრემიას დაჰპირდა. ამაში შედიოდა სარეკლამო და სხვა უფლებები ანუ, როგორც კლუბის თანამშრომელმა განმარტა, თანხა, რომელიც რონალდუმ მიიღო, ერთგულების პრემია ან რამე ასეთი არ იყო.

შესაბამისად, გულშემატკივრის გაღიზიანებას სამართლიანს ვერ ვუწოდებთ. ის გამოიწვია მოვლენათა თანხვედრამ: პორტუგალიელმა ფულის მიღებიდან ორიოდ დღეში გამოაცხადა, რომ „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა უნდა.

„მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ეს ყველაფერი დროში ვერ დაემთხვა ლამაზად”, — თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მოგეხსენებათ, ხელშეკრულების თანახმად კრიშტიანუმ „მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ 12 თვე უნდა გაატაროს, მაგრამ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მონაწილეობს 37 წლის ვარსკვლავს კი ლიგის გარეშე სეზონის გატარება არ უნდა.