ქართული სანაკრებო ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატება იმედის ნაპერწკალს კი გვიჩენს, მაგრამ დაიწყო ევროტურნირები და საფეხბურთო რუქაზე ისევ ჩვენს ადგილზე აღმოვჩნდით.
ერთადერთი იმედიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმმა“ გამართა, რომელმაც სტუმრად, ბრატისლავას „სლოვანთან“ უგოლოდ ითამაშა, ამასთან – კაცნაკლულმა.
კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე რა სირცხვილიც ვჭამეთ, ყველამ კარგად უწყის… თუმცა, არც ეს გაგვკვირვებია. რატომ? იმიტომ რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება პერსპექტივაშიც კი ძალიან შორს ჩანს.
რაღა დაგიმალოთ და, საკუთარი მომავალი საკუთრივ კლუბებსაც კი არ აინტერესებთ. თბილისის „დინამომ“, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა და ქართული ფეხბურთის ფლაგმანად მიჩნეულმა გუნდმა ესტონურ „პაიდესთან“ წააგო. გარდა იმისა, რომ „პაიდე“ ჯერ 18 წლისაც არ არის, გავარკვიეთ და მოსახლეობით სოფელ წეროვანის ტოლი ქალაქია, ხოლო ფართობით – ნაკლები.
საერთოდ არ ვიცით როგორ ჩავიდა გორის „დილა“ ფინეთში სათამაშოდ. კლუბს პრესსამსახურიც კი არ წაუყვანია გასვლით მატჩზე და გუნდი სკანდინავიას რომ ეწვია, რამდენიმე ფეხბურთელის სოციალური ქსელით „გაიშიფრა“. ცხადია, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ ვიცით რა ისაუბრა გორელთა უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მატჩამდე და მატჩის შემდეგ, როგორ ითამაშეს გორელებმა, ზოგადად, რა ხდებოდა ფინეთში… ფოტო რომ ფოტოა, ეგეც კი პრობლემაა…
პრესსამსახური ახლდა „ბათუმს“, მაგრამ ვერც გია გეგუჩაძის მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის გავიგეთ რამე… ან ვისთვის უნდა ჩაეტარებინა – ბრატისლავაში ქართველი ჟურნალისტები არ ყოფილან. კი ბატონო, შემოგვედავებიან, ჟურნალისტები თუ ხართ, იარეთ და გააშუქეთო. ერთის მხრივ მართალია, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს, უფრო სწორად იმ ნაწილს, რომელსაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა, იმის ფუფუნება არ აქვს გასვლით მატჩებზე საკუთარი ხარჯებით იაროს.
ამ დროს არის მარტივი გამოსავალი – გამონახე ჩარტერში ადგილი, გაიყოლე. უბრალოდ, გაიყოლე – საჭმელს, სასმელსა და სასტუმროს არავინ გთხოვს. ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა. სამაგიეროდ, ჩარტერული რეისი სავსეა მთავრობის ხალხით, გუნდის ხელმძღვანელების ოჯახებითა თუ ტურისტებით…

არადა, კონკრეტული მოვლენის ოპერატიულად გაშუქებაზე, გუნდის პოპულარიზაციაზე და იმიჯზე ჟურნალისტი რომ იზრუნებს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი, ვფიქრობთ, სადავო არც უნდა იყოს.
ბნელა, ბნელა საქართველოში… ისევე როგორც სტადიონებზე, მაგალითად – გორში, „საბურთალო“ – „პარტიზანის“ თამაშისას შუქი გამოირთო და მეორე ტაიმი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
თან ეს ყველაფერი ხდება ევროტურნირების პირველივე ეტპაზე. კიდევ კარგი ჩვენი გუნდები მეორე ეტაპმდე ვერ აღწევენ, თორემ კიდევ რამდენი იქნებოდა სათქმელ – მოსაყოლი ხომ წარმოგიდგენიათ…