გვარდიოლას ფეხბურთელების სტატისტიკა: გოლები; საგოლე პასები; თამაშები

ორიოდ დღის წინ რაჰიმ სტერლინგს მშობლიურ იამაიკზე ფოტო გადაუღეს — ტროსზე სრიალებდა. ნანახი გექნებათ, ტროსს რომ მიებმებიან და სიმაღლიდან სწრაფად ეშვებიან. ჰოდა, ინგლისურ პრესაში დაიწერა, „მანჩესტერ სიტიში” მისი ბოლო 16 თვეც ასე იყოო.

„სიტი” „ჩელსის” წინადადებას დათანხმდა, სტერლინგს 55 მილიონ გირვანქად ყიდის, რაც აშკარად ბიზნეს-გადაწყვეტილებაა. კონტრაქტის თანახმად თავდამსხმელი „ეტიჰედზე” კიდევ ერთ წელიწადს უნდა დარჩენილიყო, კვირაში 300 000 მიეღო და მერე, თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო. ამ და კიდევ სხვა საფინანსო ვალდებულებებს თუ ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ახლა და ერთი წლის შემდეგ მის გაშვებას შორის სხვაობა 70 მილიონია. ასეთი ნაბიჯის გადადგმა კლუბისთვის თავისი პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა.

მეორე მხრივ კი, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის კონკურენტ კლუბში, „ჩელსიში” გაშვება პეპ გვარდიოლას მხრიდან აზარტულ თამაშს ჰგავს. რამდენიმე თვის წინ, კერძოდ თებერვალში, გვარდიოლა ამბობდა, რომ 2016 წლის შემდეგ, ანუ რაც „სიტიში” გადავიდა, ასეთი ძლიერი ფეხბურთელი მის განკარგულებაში ბარე ორი არ ყოფილა.

„მას აქვს უკეთესი და უარესი პერიოდები, მაგრამ ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. რაჰიმი ამას დღენიადაგ ამტკიცებს. თუ ნახავთ რამდენი შეხვედრა ჩაატარა სტერლინგმა ჩემს ხელში, დარწმუნდებით, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში საკვანძო მოთამაშე იყო”.

სტატისტიკა ასეთია: 186 შეხვედრაში 120 გოლი და 66 საგოლე პასი.

იმ 16 წლის განმავლობაში, რაც გვარდიოლა მწვრთნელია, სტერლინგზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა. ეს გახლავთ ლეო მესი, რომელსაც კატალონიელი „ბარსელონაში” წვრთნიდა.

სტერლინგმა „სიტისთან” ერთად პრემიერლიგის ბოლო ხუთი ჩემპიონატიდან ოთხში გაიმარჯვა. მან მოიგო ექვსი ინგლისური თასი და ორი სუპერთასი — „ქომუნითი შილდი”, როგორც ინგლისელები უწოდებენ. ერთადერთი რაც ფორვარდმა ვერ მოიგო, გახლავთ ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალშიც 2021 წელს აქვს ნათამაშები. ბედის ირონიით მაშინ „სიტი” სტერლინგის მომავალმა გუნდმა „ჩელსიმ” დაამარცხა.