No description available.ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ელიტურ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმეს და თანაც როგორი! ლადო კილასონიას ბიჭებმა შოტლანდიელი თანატოლები ძლიერ დაამცირეს – 55:17 მოუგეს, რამაც ახალგაზრდა „ნარშავებს“ წონასწორობა დააკარგვინა და თამაშის ბოლოს მათ რამდენიმე არასპორტული საქციელი ჩაიდინეს. თუმცა, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი ვიზეიმოთ.

არადა თამაში სქოთთა დომინაციით დაიწყო, ისინი უტევდნენ, ქართველები თავს იცავდნენ. ჩვენს ბიჭებს არაფერი გამოსდიოდათ და მიჯრით ორი ლელოც გაუშვეს – პირველი შოტლანდიელთა ოსტატობის შედეგი იყო, ხოლო მეორე ჩვენებურთა შეცდომას მოჰყვა – 0:12.

მაგრამ ამის შემდეგ ქართული შერკინება აბობოქრდა და პირველივე დერეფნის მოგებამ მოლი და ლელო მოგვიტანა. ცოტა ხანში იგივე განმეორდა და ანგარიშიც გათანაბრდა. ქართველთა ფიზიკური უპირატესობა თანდათან იმდენად დიდი გახდა, რომ სქოთებს ტაიმის დარჩენილი დროის დაცვაში გატარება მოუხდათ, თუმცა, ამან ქარველებს ვერაფერი დააკლო და მათ კიდევ ორი ლელო-გარდასახვა გაიტანეს. ტაიმი 26:12 მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ბრიტანელებს უარესი ელოდათ.

ჩვენი შერკინების დიდი უპირატესობის ხარჯზე მთლიანად გუნდიც დომინირებდა და პირველ ტაიმში გატანილ 4 ლელოს ამდენივე დასკვნით 40 წუთში დაემატა, ზედაც ჩვენმა ჩუბინმა პეტრე ხუციშვილმა საჯარიმო დარტყმა დაურთო ერთი გაფუჭებული გარდასახვის სანაცვლოდ, რასაც ახალგაზრდა „ნარშავებმა“ ერთი გარდაუსახავი ლელოთი და რამდენიმე დაწყებულ-დაუმთავრებელი ჩხუბითღა უპასუხეს – 55:17!

კი არსებობდა ვარაუდი, რომ შოტლანდიის U20 ბ პულში ყელაზე სუსტია, რადგან ქართველებმა იტალიელებთან და უელსელებთან ტოლ-სწორად იომეს, ხოლო სქოთებმა პირველებთან 20-ქულიანი სხვაობით წააგეს, ხოლო მოძმე უელსთან სულაც 30 ქულა დათმეს, მაგრამ ქართველებისგან 38-ქულიან უპირატესობას არავინ ვარაუდობდა. უფრო სწორედ, თითქმის არავინ თავად ქართველების გარდა. როგორც ყველა ტურნირზე ხდება ხოლმე, საქართველოს ნაკრები მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და პულის დასკვნითი მატჩი საუცხოოდ ჩაატარა.

No description available.„20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების“ ეგიდით მიმდინარე ტურნირი ამით არ დასრულებულა – შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ბ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ა ჯგუფის მესამეადგილოსან ფრანგებს დაუპირისპირდება. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ა ჯგუფი გაცილებით სოლიდური შემადგენლობის იყო და იქ ყველას სამხრეთ აფრიკამ აჯობა, თანაც ყველა მატჩი ბონუსით მოიგო, მეორეზე ინგლისელები გავიდნენ, მესამეზე – ფრანგები, მეოთხეზე – ირლანდიელები…

თუკი ამ ასაკობრივ ჯგუფში ქართველებს სხვადასხვა წლებში შოტლანდიელებიც დაუმარცხებიათ, ირლანდიელებიც და იტალიელებიც, ახალგაზრდა „ლე ბლე“ აქამდე გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობდა და პანდემიით გამოწვეულ პაუზამდე, 2018 და 2019 წლებში მსოფლიო ჩემპიონიც გამხდარა. ამ ქვეყანას ყოველთვის გამორჩეული ახალგაზრდული ნაკრები ჰყავდა, ამიტომაცაა, რომ ფრანგ თანატოლებთან ტოლ-სწორად თამაში ჩვენი ბიჭებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. დღეს კი ჩვენ შოტლანდიელების განადგურებას ვზეიმობთ!