საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ახალი დარბაზი კარგად დაიბედა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა – პირველად სათამაშო სპორტის სახეობებში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ, ოვერტაიმი

ან მატჩში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეტოქეს 82:76 მოუგო.

ჩვენი გუნდი უმეტეს დროს ლიდერობდა. მცირე ხნით პირველ მეოთხედში ჩამორჩა, მაგრამ 10-წუთეული მაინც მოიგო – 15:14. გუნდი დაცვაში მაგრად იდგა, აგრესიულად თამაშობდა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს არაფერს უთმობდა. მეტიც, ტაიმის ბოლომდე სხვაობა გავზარდეთ და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ჰანდიკაპით გავედით – 37:31.

მატჩის ყველაზე ცუდი მონაკვეთი შესვენების შემდეგ დადგა. 10 წუთში მხოლოდ შვიდი ქულა ჩავაგდეთ და ესპანელებს წინ გასვლის საშუალება მივეცით – 47:45. მეოთხე პერიოდში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ოთხი წუთით ადრე მხოლოდ მინიმალური სხვაობით ვაგებდით – 58:59. სამი წუთი ადრე წინ უკვე ჩვენ ვიყავით. ამის შემდეგ ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. 35 წამით ადრე საქართველო სამი ქულით იგებს – 67:64. ესპანელებმა 18 წამით ადრე გაგვითანაბრეს. ბურთი ჩვენია, ზუროსმა ტაიმაუტი მოითხოვა და გუნდს კომბინაცია დაუხაზა. გადამწყვეტი სროლა თორნიკე შენგელიას ანდეს, მაგრამ ჩვენი გუნდის კაპიტანს სირენის თანხლებით ნასროლი გაუცუდდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა. დამატებით ხუთწუთეულში რატი ანდრონიკაშვილმა გაბრწყინა – გუნდს ზედიზედ რვა ქულა შესძინა და საქართველო 77:73 დაწინაურდა. ცხადია, ესპანელებმა გაიბრძოლეს და 55 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. ახლა უკვე მაკფადენის დრო დადგა, რომელსაც მანამდე თამაში მაინც და მაინც არ მისდიოდა და 25 წამით ადრე ჩვენები ისევ ოთხი ქულით დაწინაურდნენ. ესპანეთმა შეტევა გააფუჭა და მერე უკვე მატჩის მოგება პრობლემას აღარ წარმოადგენდა – 82:76 და ახალი აშენებული დარბაზი „დაინგრა“.

მთლიანობაში ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში ჩვენებს შეტევაში თამაში არ მისდიოდათ, დაცვაში ყოჩაღობდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ამ ყველაფერმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაგვიბრუნა. ჩვენივე ჯგუფში უკრაინამ სტუმრად 73:68 მოუგო ჩრდილოეთ მაკედონიას. ახლა ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: საქართველოს ექვსიდან ოთხი მოგება აქვს, ესპანელებს ხუთიდან ოთხი. უკრაინას ასევე ხუთი მატჩიდან სამი, ხოლო მაკედონიელებმა ყველა წააგეს. დარჩენილია ერთი თამაში – უკრაინა-ესპანეთი. ესპანელებს მოგების შემთხვევაში საქართველო მეორე ადგილზე გავა, წაგების შემთხვევაში – მესამეზე. თუმცა, თუ ესპანელები მოიგებენ, მათ შემდეგ ეტაპზე სამი მოგება და ერთი მარცხი გადაყვებათ, საქართველოს ბალანსი 2-2 იქნება, უკრაინის კი, 1:3. თუ უკრაინა მოიგებს, ყველა გუნდი მეორე ეტაპს ბალანსის თანაფარდობით შეხვდება. მეორე ეტაპზე კი, ჩვენი მეტოქეები იტალია, ისლანდია და ჰოლანდია იქნება. ეს გუნდები მხოლოდ ჩვენი ჯგუფის სამეულთან ითამაშებს. მათი ქულები შემდეგ ეტაპზე ასეთია: იტალია და ისლანდია სამი მოგება და ერთი მარცხი, ჰოლანდიას კი ოთხი წაგება წამოყვება. უფრო დეტალურად უკრაინა-ესპანეთის თამაშის შემდეგ გიამბობთ…