„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა, 52 წლის ერიკ ტენ ჰაგმა მკაფიოდ გამოაცხადა, რომ:

The players who have already returned are being put through their paces

  • ვერ შეეგუება გვერდზე და მითუმეტეს უკან პასებს — ფეხბურთელებს, რომლებიც კომბინაციას მეტოქის კარის მიმართულებით არ ავითარებენ ის ვარჯიშებზე ცვლის.
  • ფეხბურთელებმა უნდა გამოასწორონ ფიზიკური მომზადება.
  • გასახდელში ამოიძირკვება დაჯგუფებები.
  • ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი დაამტკიცონ თავიანთი ნიჭიერება და უფროსი თაობის ფეხბურთელები შემადგენლობიდან ამოაგდონ.
  • შემადგენლობაში მოსახვედრად მწვრთნელი გაითვალისწინებს მხოლოდ იმას, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მოთამაშეებმა ვარჯიშზე. დიდ და მცირე ხელფასს ან სატრანსფერო ფასს მნიშვნელობა არ ექნება.

როგორც თავში მოგახსენეთ, „აიაქსის” ყოფილი თავკაცი უპირველეს ყოვლისა ცდილობს შეცვალოს თამაშის მძიმე სტილი, რომელმაც გასულ სეზონში გულშემატკივარი ძალიან გააღიზიანა. როგორც თვითმხილველმა „სანს” უთხრა, ვარჯიშებზე დიდი ყურადღება ექცევა პასებს ერთი და ორი შეხებით, რომელთა აზრი ის არის, რომ გუნდი მუდმივად წინ გადაადგილებას უნდა ცდილობდეს. როდესაც ტენ ჰაგი ხედავს, რომ ფეხბურთელმა ბურთი გვერდით ან უკან გადააწოდა, ის ვარჯიშს აჩერებს და „დამნაშავეს” რამდენიმე წუთით სკამზე სვამს.

მართალია, ვარჯიშებს ჯერ არ შეერთებიან კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში და სხვა უცხოელი ვარსკვლავები, მაგრამ დაახლოებით თხუთმეტი წამყვანი ფეხბურთელი აგერ უკვე ერთი კვირაა ვარჯიშობს და ახალი მწვრთნელით კმაყოფილია. მათ გაიგეს რას ითხოვს ტენ ჰაგი. როდესაც ის ლაპარაკობს, ყველა უსმენს. ვარჯიშები მძიმე, დამღლელი, მაგრამ სახალისოა. ბევრი ყურადღება ეთმობა ბურთის ერთი და ორი შეხებით გადაწოდებას. მიზანი შეტევის სწრაფი გათამაშება და მის წასართმევად მორბენალი მეტოქის დაღლაა. რასაკვირველია, ჯერ ყველაფერი ხარისხიანად არ გამოდის, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მზადება ახლა დაიწყო. გარდა ამისა, იმ ფეხბურთის თამაშს, რომელსაც ტენ ჰაგი ითხოვს, ბევრი ვარჯიში სჭირდება.

აშკარაა, რომ ზოგ ფეხბურთელს ბურთის სწრაფი მიღება-გათამაშება უჭირს, თუმცა ჰოლანდიელი მწვრთნელი და მისი ასისტენტები ყველას ამხნევებენ. მიმდინარეობს ფსიქოლოგიური მუშაობაც. გასულ სეზონში გუნდში ცუდი ატმოსფერო იყო და ბევრს შვებულებიდან გუნდში არ მიეჩქარებოდა.

დაინიშნა დამატებითი, მინდორს გარეთა ფიზიკური წვრთნები. იმედი ჩაესახა ახალგაზრდობას. მაგალითად, მანჩესტერში დაბადებულმა ერაყელმა ზიდან იქბალმა, რომელმაც დიდ გუნდში ჩემპიონთა ლიგაში, „იანგ ბოიზთან” ითამაშა, იგრძნო, რომ ტენ ჰაგის ხელში შეიძლება უფრო ხშირად მოხვდეს შემადგენლობაში. ახალ მწვრთნელს თვალი უჭირავს 18 წლის არგენტინელ ალეხანდრო გარნაჩოსა და 19 წლის ჰანიბალ მეჯბრიზე.

თვითმხილველთა თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარჯიშებში სხვა ბევრი ახალგაზრდაც მონაწილეობდა.

რაც შეეხება რონალდუს, მისი საქმე ასეა: წესით სხვა უცხოელი თანაგუნდელების მსგავსად ის ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე დღეს უნდა მივიდეს; როდესაც მივა, ერიკ ტენ ჰაგთან პრინციპული ლაპარაკი მოუწევს. როგორც ინგლისური მედია წერს, მხარეები ამ ლაპარაკზე უკვე შეთანხმდნენ.