ნოდარ ახალკაცის სიტყვა სფფ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე - დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა [ვიდეო] #1TVSPORT - 1TV
ნოდარ ახალკაცი და უეფას იმჟამინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი
No description available.FIFA Congress 1992 Zurich pin badge | eBay1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი.

ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო, – ახალკაცის ეს სიტყვები შემდეგ ყველა მედიასაშუალებას მოივლის.

ბედნიერები არიან ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე. სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობს აწ განსვენებული დავით პეტრიაშვილი.

1990 წლის 15 თებერვალს. საქართველო იყო პირველი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წლის 25 თებერვალს ფიფამ სფფ დროებით წევრად მიიღო, ხოლო 3 ივლისს უკვე მუდმივ წევრად სცნო.

საკავშირო ფედერაცია და მისი რუსი პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი, რომელიც ამავდროულად ფიფას ვიცე-პრეზიდენტიცაა, გააფთრებით ეწინააღმდეგება ქართველების მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებას. აქ ხომ, როგორც ყოველთვის, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა…

ფიფას წევრობა მხოლოდ ფეხბურთისთვის არ იყო მნიშვნელოვანი. ფეხბურთი ძალიან ჰგავს ცხოვრებას.

ახლაც დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ახლა ევროკავშირის კარზე ვაკაკუნებთ…