No description available.პირველი ტაიმი 14:6 მოიგო და საბოლოოდ 24:30 დამარცხდე – სასიამოვნო სცენარი ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სწორედ ასე წააგო არგენტინა XV-თან.

ქუთაისის „აია არენაზე“ მაყურებელი უხვად შეიკრიბა, მაგრადაც უქომაგა ბორჯღალოსნებს, მაგრამ ქართველებს მშვენიერი გაზონიდან დამარცხებულებს მოუწიათ გასვლამ. პირველ ტაიმში სათამაშო მინდორზე ცეცხლი ენთო და „ბრალი“ ამაში ბორჯღალოსნებს მიუძღვოდათ.

დასაწყისიდანვე მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, რომელშიც ქართველები დომინირებდნენ, თანაც ეს ყველა სათამაშო კომპონენტს ეხება…

მე-8 წუთზე თედო აბჟანდაძემ დავით ნინიაშვილს საოცარი გადაცემა გაუკეთა და ჩვენმა ოქროს ბიჭუნამ კულბიტით ბურთი არგენტინელთა ლელოში დაამიწა. თედომ გარდასახა და 7:0 დავწინაურდით.

სულ მალე არგენტინელებმა ერთი საჯარიმოთი სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 23-ე წუთზე ნინიაშვილმა და აბჟანდაძემ როლები გაცვალეს და უკვე დათიმ თედოს დაადებინა ეფექტური ლელო. თედომ ესეც გარდასახა და 5 წუთში სამხრეთამერიკელების გატანილი კიდევ ერთი ჯარიმის შემდეგ ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 14:6.

8-ქულიანი უპირატესობა ძალიან ენერგიული თამაშის ფონზე საბოლოო წარმატების იმედს აჩენდა, მით უფრო, რომ 49-ე წუთზე თედომ ჯარიმა გაიტანა და 17:6 დაგვაწინაურა.

მაგრამ მიუხედავად ანგარიშისა, სტუმრები შესვენების შემდეგ პირველისგან დიდად განსხვავებული განწყობით გავიდნენ მოედანზე – ორიოდე წუთში ზუსტი ჯარიმით 3 ქულა გაქვითეს, ხოლო 58-ე, მე-60 და 73-ე წუთებზე ერთი მეორეს მიყოლებით სამი კარგი ლელო დადეს და უკვე თავად გაიჭრნენ წინ მთელი 13 ქულით – 17:30.

No description available.არგენტინელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ქართველებს – არაფერი, მაგრამ ზედ ფინიშზე ბორჯღალოსნებმა ხასიათი გამოავლინეს, ჯიქურ შეუტიეს, თუმცა საწადელს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწიეს – უკვე გაწითლებულ დროში ხანგრძლივი ძალისმიერი შეტევა შეცვლაზე შესულმა ნოდარ ჭიშვილმა ბურთის ლელოში გადადებით დაასრულა. მსაჯები ვიდეორეფერის ჩათვლით დიდხანს ბჭობდნენ, დაეფიქსირებინათ თუ არა შეტევის შედეგიანობა. საბოლოოდ ლელო ჩაითვალა და თედომ კვლავ ზუსტად დაარტყა – 24:30.

ამდენად, პირველ ტაიმში მაგარი თამაში მატჩის მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. აბჟანდაძემ ამ 24-დან 14 ქულა პირადად დააგროვა და საერთოდაც, მშვენივრად ირჯებოდა. შესანიშნავ ფორმაშია ბექა საღინაძეც, არც დანარჩენებს დაეწუნებოდათ რამე, თუმც მეორე ტაიმში არგენტინელების საოცარმა გააქტიურებამ ჩვენი გუნდი დააბნია და მათაც ვერაფრით დაალაგეს თამაში, რომელიც ასე კარგად გამოსდოდათ საწყის 40 წუთში.

ივლისის ტესტების მორიგი გაჩერება ბათუმშია – 10 ივლისს, 20 საათზე ახალ და ულამაზეს სტადიონზე თვით იტალიას ვმასპინძლობთ, რომელმაც პარასკევს ბუქარესტში, რუმინეთი 45:13 გაანადგურა.