მო სალაჰმა „ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მერსისაიდულ კლუბში კიდევ სამი წლით, 2025 წლამდე რჩება, ხელფასი კი ფაქტობრივად უორმაგდება. ეს „წითლების” თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის დიდი შვებაა, რადგან ცოტა ხნის წინ სალაჰის მეწყვილე, სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე „ბაიერნში” გადავიდა.
მანამდე ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ „ლივერპულის” მფლობელი კორპორაცია „ფენევეი სპორტ გრუპი” თანახმა იყო გაეყიდა ეგვიპტელი — ერჩივნა ამ ზაფხულს 60 მილიონი გირვანქა მიეღო ვიდრე გაისად ამ დროს თავდამსხმელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისე გამოთხოვებოდა, რომ სალაროში პენიც არ დაეტოვებინა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი კარგა ხანს ითხოვდა ხელფასის გაზრდას, რაზეც კლუბი უარს ამბობდა და ამიტომ ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდებოდა. და აი, სალაჰმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის „ლივერპულის” მაისურას იცვამს — მხარეები შეთანხმდნენ! სალაჰის გასამრჯელო კვირაში 400 000 გირვანქაა!
„თავს დიდებულად ვგრძნობ და კლუბთან ერთად ჯილდოების მოგებას ველოდები. დღეს ყველასთვის ბედნიერი დღეა. მართალია განახლება დროს მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი რაც გასაკეთებელი იყო გაკეთდა, ასე რომ ახლა ყურადღება მხოლოდ შემდეგ ნაბიჯზე უნდა მოვიკრიბოთ”, — უთხრა სალაჰმა „ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდს.
მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში” 2017 წლიდან თამაშობს და მას მერე 254 მატჩში 156 გოლი გაიტანა. 2019 წელს მან მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო („ლივერპულმა” ფინალში დაამარცხა „ტოტენჰემი” 2:0 და ერთი გოლი სალაჰმა გაიტანა), შემდეგ პრემიერლიგის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ მერე ინგლისურ ფეხბურთში „მანჩესტერ სიტის” ბატონობის დრო დადგა — „ქალაქელები” ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები.
„ლივერპულმა” ვერც ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში გაიმარჯვა, ფინალში „რეალთან” დამარცხდა 0:1, მაგრამ სალაჰი ამტკიცებს, რომ საქმეები კარგად მიდის, რადგან გასულ სეზონში გუნდმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის, იგივე „კარაბაოს” თასები მოიგო.
„ვფიქრობ, ძნელი დასანახი არ არის, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გუნდი მაღლა და მაღლა მიიწევს. გასულ სეზონში ერთბაშად ოთხი ტიტულის მოგება შეგვეძლო, მაგრამ სეზონის ბოლო კვირაში არ გაგვიმართლა; ორი ტიტული ხელიდან გავუშვით. ჩემი აზრით, დღეს კარგ პოზიციაში ვართ საიმისოდ, რომ მიზნად კვლავ ყველა ჯილდოს მოპოვება დავისახოთ. გვყავს ახალი შენაძენები. ერთადერთი, რაც ახლა გვჭირდება, მუხლჩაუხრელი შრომაა. ჩვენ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გვაქვს: უნდა ვიყოთ პოზიტიურებ და კვლავ ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ”, — თქვა ეგვიპტელმა, რომელმაც 2021-22 წლების სეზონში 31 გოლი გაიტანა. მან ორი ორგანიზაციის, ინგლისის ფეხბურთზე მწერალთა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების ვერსიებით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.