„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოაცხადა, რომ „ევერტონისგან” 60 მილიონ გირვანქად რიშარლისონი იყიდა. ბრაზილიელმა ლონდონის კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის გახდა მიმდინარე ზაფხულში ანტონიო კონტეს მეოთხე შენაძენი.
რიშარლისონი 25 წლისაა. „სფურზი” მისთვის მესამე ინგლისური კლუბია. მანამდე ის თამაშობდა „უოტფორდსა” და „ევერტონში”, რომელთა შემადგენლობაში ჩაატარა 173 შეხვედრა და გაიტანა 48 გოლი.
გასულ სეზონში „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს დიდი წვლილი მიუძღვის. მან 10 გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე პასი გადააწოდა. მნიშვნელოვანია, რომ ათიდან ექვსი გოლი რიშარლისონმა ბოლო ათ ტურში გაიტანა.
გამოსამშვიდობებელ განცხადებაში „ევერტონმა” თავდამსხმელს დიდი მადლობა გადაუხადა.
ამრიგად, „ტოტენჰემ ჰოთსფურმა” მიმდინარე სეზონში, ახალ ფეხბურთელებში უკვე 85 მილიონი გირვანქა გადაიხადა. კლუბმა ბრაიტონელი ივ ბისუმას სანაცვლოდ 25 მილიონი გაიღო, ივან პერიშიჩი და ფრეიზერ ფორსტერი კი თავისუფალი აგენტების სტატუსით გადაიბირა.
როგორც ამბობენ, ანტონიო კონტე ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სურს „მიდლსბროდან” დიჯედ სპენსიც შეიძინოს.