ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა იტალიაში მიმდინარე ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების ეგიდით მეორე მატჩიც წააგეს – თანატოლ უელსელებთან შეხვედრა 24:30 დათმო.
პირველი ნახევარი მეტად არეული სცენარით წარიმართა, ვითარებაზე დიდი გავლენა ქართველთა უდისციპლინობამ მოახდინა – რეფერის ერთი მეორის მიყოლებით რატი ზაზაძისა და მატის მოდებაძის გასინბინება მოუხდა, რამაც ჩვენი ნაკრები რაღაც ხნით 2-კაცნაკლული დატოვა. მაგრამ ფიზიკურად ქართველი ჭაბუკები ბრიტანელებს იმდენად აღემატებოდნენ, რომ სამი მოგებული დერეფნის შედეგად სამი აგორებული მოლის შეჩრება უელსელების ძალებს აშკარად არ შეესაბამებოდა. სამივე ხსენებული შეტევა ლელო-გარდასახვით დაგვირგვინდა და საქართველოს U20-მა ტაიმი 21:13 მოიგო.
მეორე ნახევარი კი უელსელებმა ძალიან ენერგიულად დაიწყეს, ქართველები შეცდომებისთვის დასაჯეს და მიჯრით 17 ქულაც მიითვალეს. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბრიტანელები 30:21 იგებდნენ, როცა ჩვენს ბიჭებს ჯარიმის შესრულების უფლება მიეცათ. დარტყმა ზუსტი გამოდგა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დავიდა – 24:30.
დარჩენილ დროში ჩვენს ბიჭებს გარდასახული ლელო მოუტანდა გამარჯვებას და ყველაფერი თითქოს იდეალურად განვითარდა – აგრესიული დაცვის ხარჯზე ბურთი ჩვენმა გუნდმა მიიღო და 5-მეტრა ხაზის სიახლოვეს დერეფნის მოწოდების უფლებაც მოიპოვა. და აი, სწორედ აქ უმტყუნა ქართველებს ოსტატობამ – დერეფანში შეგდებულ ბურთს უელსელები დაეუფლნენ, თანაც ეს საერთოდ პირველი წაგებული ქართული დერეფანი იყო. ჩვენმა მეტოქემ ბურთი უმალ მოედნის ფარგლებს გარეთ მოისროლა და მატჩიც იქვე დასრულდა – ყოველივე ხომ გაწითლებულ დროში ხდებოდა.
6 ივლისს ჯგუფის ბოლო მატჩია, რომელშიც ჩვენი გუნდი შოტლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდება – ობიექტურად ოთხეულში ყველაზე სუსტ გუნდს. ნორჩმა „ნარშავებმა“ ხომ ჯერ უელსთან წააგეს 30-ქლიანი სხვაობით (15:45), ხუთშაბათს კი მასპინძელ იტალიელებთან 20 ქულით დამარცხდნენ (14:34), მაშინ, როცა ლადო კილასონიას მიერ დამოძღვრილმა ქართველებმა ორივე წაგებულ თამაშში ბოლომდე იბრძოლეს და მრავალრიცხოვანი შეცდომები რომ არა, ვინ იცის, ეგებ შედეგიც სხვა დამდგარიყო.