Mitchell van der Gaag, Eric Ramsay, and Steve McClaren (left to right) have all been active in training this week
ასისტენტები: მიჩელ ვან დერ გააგი, ერიკ რემსი და სტივ მაკლარენი

„მანჩესტერ იუნაიტედმა” სულ სამი დღეა, რაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ამ მოკლე ხანში გუნდის ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა უკვე მოასწრო სახის ჩვენება. კლუბი ყოველი დღის ვიდეომასალას ინტერნეტში აქვეყნებს. გულშემატკივარი ნანახით კმაყოფილია.

ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ ტენ ჰაგი პროცესს მართავს და არც ფეხბურთელებისთვის შენიშვნების მიცემას ერიდება. ის მათ უხსნის, თუ რას ითხოვს თითოეული მათგანისგან. ერთ-ერთ ჩანაწერში, მაგალითად, ტენ ჰაგი ვარჯიშს აჩერებს და ფეხბურთელებს აჩვენებს, სად უნდა გადაეწოდებინათ იმ ვითარებაში ბურთი.

იყო სხვა ვიდეოებიც, სადაც ვარჯიშში ჰოლანდიელის ასისტენტები ერევიან. მათ შორის არის „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული თავკაცის სერ ალექს ფერგიუსონის ოდინდელი თანაშემწე, 2006-07 წლებში ინგლისის ნაკრების მწვრთნელი სტივ მაკლარენი. ჩანაწერში ისმის, როგორ ელაპარაკება მაკლარენი ფეხბურთელებს რაღაც დეტალის გათვალისწინებაზე, შემდეგ კი ის და მისი კოლეგა მიჩელ ვან დერ გააგი ტეჰ ჰაგის სტანდარტების დანერგვას ცდილობენ.

ისმის ისიც, თუ როგორ ასწავლის ვან დერ გააგი გუნდს ეგრეთწოდებულ მესამე კაცის ჩარბენას და ამბობს, რომ ეს „იუნაიტედის” შეტევაში ახალი სიტყვა იქნება.

მაკლარენს აქვს პოდკასტი სახელწოდებით McClaren Performance Podcast, სადაც მან განმარტა, რომ გუნდმა სასურველი ხელწერა თანდათან უნდა შეიძინოს.

„დღეს ბევრს ლაპარაკობენ ახალ ფეხბურთელებზე, მე კი ის ცვლილებები, რომელთაც ტაქტიკურ დეტალებში ვახორციელებთ, ნებისმიერი ახალი მოთამაშის შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია. მთავარი ის სიახლეა, რაც ყოველდღიურად ინერგება და არა ახალი ხალხის შეყრა. თან ეს მარტო „მანჩესტერ იუნაიტედს” კი არა, ყველა კლუბს ეხება”, — თქვა მან.

რასაკვირველია, სამი დღე სერიოზული დასკვნისთვის ცოტაა. მთავარია „იუნაიტედმა” კარგი თამაში მოედანზე აჩვენოს, მაგრამ, როგორც გითხარით, გულშემატკივარი ნანახით კმაყოფილია და ამას სოციალურ ქსელებში აქტიურად ადასტურებს.