Tottenham hand Clement Lenglet ultimatum amid potential loan move - PageGoo
კლემან ლენგლე

„ტოტენჰემ” ჰოთსპური” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა: 24 საათში „ევერტონისგან” რიშარლისონს იყიდის, „ბარსელონა” კი კლემან ლენგლეს იჯარით დათმობაზე დაიყაბულა.

„ევერტონი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქას ითხოვს. „დეზები” ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, მაგრამ ფულის ჩარიცხვის სტრუქტურაზე უთანხმდებიან გამყიდველს. რიშარლისონის ყოფილ კლუბ „უოტფორდს” 40 მილიონს ზემოთ ნებისმიერი თანხიდან 10 პროცენტი ეკუთვნის. 2018 წელს, ლივერპულელებმა ფორვარდი მისგან სწორედ 40 მილიონად იყიდეს.

„სფურზი”, რომელიც პრემიერლიგის გასულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა და „ევერტონი”, რომელმაც მე-16 ადგილი დაიკავა, ბოლო დღეების გამავლობაში თავდამსხმელის ტრანსფერზე ინტენსიურად მუშაობდნენ. პრინციპულად კი ყველაფერი ორშაბათს გადაწყდა, როდესაც ჩრდილო ლონდონელთა მეპატრონე დენიელ ლევი და მისი ლივერპულელი მეგობარი ბილ კენრაიტი ერთმანეთს ლონდონში, რესტორან „სკოტსში” შეხვდნენ.

„ტოტენჰემის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უნდა გუნდი რაც შეიძლება მალე გააძლიეროს, რათა კარგად მომზადება მოასწროს და 6 აგვისტოს ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „საუთჰემპტონს” კარგ ფორმაში დახვდეს. კონტემ უკვე დაიმატა შემტევი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი და მეკარე ფრეიზერ ფორსტერი, ახლა კი თავდასხმის მეტად გაძლიერებას ეშურება.

თუმცა, თავდასხმა თავდასხმად და იტალიელი სპეციალისტისთვის დაცვაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც მოგახსენეთ, „სფურზმა” „ბარსელონასთან” ლენგლეს საკითხი მოაგვარა და სხვა მცველების ძიებაზე გადაერთო.

ამასობაში, „ატლეტიკოს” „ტოტენჰემის” ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ემერსონ როიალის ან უბრალოდ ემერსონის ყიდვა მოუნდა, ოღონდ გამოვა თუ არა ეს საქმე, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ წავა მოლაპარაკებები „მიდლსბროსთან” დიჯედ სპენსის „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმზე” გადაყვანის თაობაზე.

რიშარლისონის დამატებით კი კონტე რამდენიმე კურდღელს იჭერს: თავდამსხმელთა შორის კონკურენციას ზრდის, სონს დასვენების საშუალებას აძლევს და ჰარი კეინის მარქაფას პოულობს.

„ევერტონი” რატომღა ყიდის 25 წლის ბრაზილიელს? გუნდი ხომ ისედაც სახიფათო ზონაში ტრიალებდა და კიდევ დასუსტება რაღად უნდა? პრობლემა ფინანსებშია. მერსისაიდელები რიშარლისონს სიამოვნებით დაიტოვებდნენ, მაგრამ იძულებულები არიან რამენაირად გაჭირვებას დააღწიონ თავი.

რიშარლისონს „ევერტონის” შემადგენლობაში 152 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან „ირისების” სახელით 53 გოლი გაიტანა.