Chelsea's dramatic move for Raphinha clears the way for Tottenham to sign Richarlison from Everton„არსენალს” ეგონა თავი ქუდში ჰქონდა — „ლიდს იუნაიტედიდან” რაფინიას ყიდულობდა და შუა მოლაპარაკებებში გახლდათ გართული, როდესაც „ჩელსიმ” ჯიბეზე ხელი გაიკრა და 60 მილიონი გირვანქა გამოაჩინა. „მეთოფეთა” წინადადება კი 30 მილიონის ფარგლებში ტრიალებდა. ბრაზილიელის აგენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეკუმაც მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ახლა გარემარბი უკვე „სტემფორდ ბრიჯის” კარზე აკაკუნებს.

დასავლეთ ლონდონელებს შეტევის ხაზის გადახალისება აქვთ დაგეგმილი. ისინი აპირებენ „მანჩესტერ სიტიდან” რაჰიმ სტერლინგი გადაიბირონ და რაფინიას შეუწყვილონ. სტერლინგის ფასად 55 მილიონ გირვანქას ასახელებენ.

„ჩელსიმ” რაფინიას ამბავი პირველად იანვარში იკითხა, მაგრამ გაჩერდა, რადგან მაშინ უთხრეს, რომ 25 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში” გადადიოდა. შემდეგ გაირკვა, რომ „ბარსელონა” არაფერ შუაში იყო; რაფინიას „არსენალი” ყიდულობდა. აქ „ლურჯების” ახალმა მეპატრონემ, ამერიკელმა ტოდ ბოილიმ უკვე სერიოზულად ჩარევა გადაწყვიტა და სასურველი მოთამაშე ჩრდილო ლონდონელებს ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯა, ოღონდ პირადი საკითხები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„ჩელსიმ” თავდამსხმელების ძებნა მას მერე გააძლიერა, რაც რომელუ ლუკაკუ „ინტერში” გაექცა — დღეს ბელგიელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის. იმასაც ამბობენ, რომ „სტემფორდ ბრიჯიდან” შეიძლება კრისტიან პულიშიჩი ან ტიმო ვერნერი წავიდნენ. „იუვენტუსს” უნდა, ისინი მატეის დე ლიხტის სატრანსფერო კომბინაციაში ჩართოს. თუკი „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” ნათან აკესაც „გამოართმევს” და დე ლიხტს შეუწყვილებს, ჰოლანდიურ დაცვას მიიღებს და, როგორც ამბობენ, ძალიან კმაყოფილი დარჩება. მეტიც, „ჩელსი” „ქალაქელებს” უკრაინელ ოლექსანდრ ზინჩენკოზეც ელაპარაკებაო.

არ იფიქროთ, რომ დასავლეთ ლონდონელები მარტო „სიტის” უტევენ. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენენ „სევილიაში” მოთამაშე ფრანგი ჟიული კუნდე, სლოვაკი მილან შკრინიარი, რომელიც „ინტერშია” და კალიდუ კულიბალი „ნაპოლიდან”.

თუმცა, ეს ყველაფერი შემდეგი ეტაპის ამოცანაა, ჯერჯერობით კი მთავარი რაფინიას საკითხის ბოლომდე მიყვანა გახლავთ.