იტალიის სტადიონებზე სტარტი აიღო მორაგბე 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებმა და ამ ტურნირში ტრადიციული ევროპული ექვსი სარაგბო ერის გარდა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიც მონაწილეობენ.
შეჯიბრება პარასკევს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ჯახმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა „სპრინგბოქსმა“ 30:22 მოიგო, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის 20-წლამდელებმა ირლანდიელი თანატოლები გაანადგურეს – 42:21.
შაბათს კი იმ ჯგუფის მატჩებიც შედგა, რომელშიც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ასპარეზობენ. ჯერ იყო და უელსმა შოტლანდიას დიდი ანგარიშით მოუგო – 45:15, შემდეგ კი, ტრევიზოს სტადიონზე ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი იტალიელები და ქართველი 20-წლამდელები დაუპირისპირდნენ.
წინასწარ უნდა ითქვას, რომ ამ ფორმაციის იტალიელი 20-წლამდელები გაცილებით წარმატებულები არიან, ვიდრე მთავარი ნაკრებია. თუკი გასულ ექვს ერში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ნავსი გატეხა და უელსის ნაკრებს სენსაციურად მოუგო, ახალგაზრდა „აძურიმ“ ანალოგიურ ტურნირში ჯერ ინგლისელი თანატოლები დაამარცხა, შემდეგ შოტნალდიელები და ბოლო ტურში ზედ უელსელებიც მიაყოლა. საბოლოოდ იტალიის U20-მა შეჯიბრი მე-4 ადგილზე დაასრულა და მესამეადგილოსან ინგლისს მხოლოდ ლელოების სხვაობით ჩამორჩა.
აი, ასეთი მეტოქე ჰყავდა ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილ გუნდს, ამდენად საბოლოო შედეგი – 19:36 განსაკუთრებულ კრიტიკას არ უნდა იწვევდეს – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ოფიციალური მატჩი რამდენიმე წელია არ გაუმართავს, განსხვავებით იტალიელებისგან.
ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეპიზოდურად ისინი მეტოქეს აშკარად აღემატებოდნენ. დებიუტი და დასკვნითი 20-წუთეული ამის ნათელი დასტური იყო, თუმცა შეცდომების დიდმა რაოდენობამ სასურველი შედეგის მიღწევაში ხელი შეგვიშალა.
მომდევნო ტურში ქართველთა მეტოქე უელსის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება. ეს მატჩი „ბენეტონის“ საშინაო არენა „სტადიო კომუნალეზე“ 30 ივნისს 19 საათზე დაიწყება.