
„ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ეს გასული კვირის ამბავია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი. საუბრის თემა სუპერვარსკვლავის მომავალი ყოფილა.
ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ The Athletic-მა მოიპოვა. ბოელისა და მენდეშს პორტუგალიელის „სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლო გადასვლის შესახებ ულაპარაკიათ.
ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ 37 წლის თავდამსხმელი აუცილებლად გადაბარგდება ლონდონში. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან” ორწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ამ ხელშეკრულების თანახმად კიდევ ერთი წელიწადი „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გაატაროს. რამდენადაც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდუსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
The Athletic არც იმას გამორიცხავს, რომ ბოელი და მენდეში რონალდუს გარდა სხვა თემებსაც შეეხნენ. თავად კრიშტიანუ „იუნაიტდის” სატრანსფერო აქტივობით ჯერჯერობით უკმაყოფილოა, თუმცა ახალ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან, როგორც ითქვა პრობლემა არ აქვს.
ჭორები კი იცოცხლე დადის. მაგალითად, რონალდუს შესაძენად ნიადაგი „ბაიერნმაც” მოსინჯაო. მართალია, გერმანიის ჩემპიონმა ამას სიცრუე უწოდა, მაგრამ სატრანსფერო პერიოდში ამ ტიპის ინფორმაციას და შემდეგ მის უარყოფას კიდევ კიდევ მრავლად უნდა ველოდოთ.
ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ბარსელონას” ფრენკი დე იონგის თაობაზე ელაპარაკება. „ოლდ ტრეფროდზე” თითქოსდა თავისუფალი აგენტით კრისტიან ერიკსენითაც არიან დაინტერესებულები.
რონალდუ კი ამასობაში ამბობს: „მე მანჩესტერში თავს აქამდეც კარგად ვგრძნობდი და ახლაც კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ახალ მწვრთნელ ტენ ჰაგს, ვიცი, რომ მან „აიაქსში” ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ის გამოცდილია, მაგრამ უნდა ვადროვოთ. მან უნდა მოახერხოს სიტუაციის ისე შეცვლა, როგორც თავად მიაჩნია სწორად.
მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით წარმატებას მივაღწევთ. იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ სეზონში ტიტულებს მოვიპოვებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” საბოლოოდ იქ მივა, სადაც ამ რანგის კლუბი უნდა იყოს. ხანდახან ამას დრო სჭირდება, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ”.
გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა შეჯიბრებაში 24 გოლი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სხვა საქმეა, რომ „იუნაიტედმა” პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ გამოვა.
„მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონისთვის მზადებას ორშაბათიდან იწყებს. გუნდში აღარ იქნებიან თავისუფალი აგენტები პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი და ნემანია ვიდიჩი.