No description available.2017 წლის შემდეგ, როცა ლეგენდარულმა დავით ზირაქაშვილმა თავის „კლერმონთან“ ერთად ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავასა და ზირაქაზე არანაკლებ ლეგენდარული მამუკა გორგოძის „ტულონი“ დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამ პატივს ქართველი მორაგბე არ ღირსებია.

და აი, 2022 წლის 24 ივნისს, პარიზის „სტად დე ფრანსზე“ ევროპის უძლიერესი შიდა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში კვლავ ქართველის გუნდმა გაიმარჯვა! გელა აფრასიძის „მონპელიემ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ 29:10 აჯობა და არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული.

24 წლის აფრასიძე მარქაფაში იყო და 58-ე წუთზე შეცვლაზე ვეტერანი ბენუა პაიოგის ნაცვლად შევიდა და თამაშის შემდეგ საჩემპიონო მედლის მფლობელიც გახდა, ხოლო „მონპელიეს“ ვეტერან ბურჯ მიშა ნარიაშვილს სეზონის დასკვნითი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა გუნდის წარმატებაში ნაროს შეტანილი წვლილიც საკმაოდ წონადია.

აი, ლევან ჩილაჩავას კი, როგორც მიხვდებოდით, კვლავ არ გაუმართლა – ტოპ 14-ის ფინალი მეორედ წააგო.

რაც შეეხება „მონპელიეს“, ამ კლუბმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონის ტიტული მესამე ცდაზე დაისაკუთრა. თავისი პირველი ფინალი „მონპელიემ“ მამუკა გორგოძესთან ერთად 2011 წელს „ტულუზთან“ 10:15 დათმო, მეორედ კი, 2018-ში, მიხეილ ნარიაშვილთან და დუდუ ქუბრიაშვილთან ერთად „კასტრთან“ 13:29 წააგო. მაგრამ მესამე და სამართალიო, ნათქვამია…

No description available.