1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინას რიგაში ეთამაშება, ხოლო 4 ივლისს, შინ, ახალ არენაზე, ესპანეთს დაუხვდება. თუმცა, მარტო ეს არ არის ილიას ზუროსის გუნდის უახლოელი გეგმები: პირველი შესარჩევი ეტაპის გარდა, ნაკრებს აგვისტოში მეორე რაუნდიც უწევს, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელიც საქართველო გახლავთ.
გუნდმა უკვე დაიწყო მზადება მოახლოებული მატჩებისთვის, ხოლო საკონტროლო შეხვედრებს ჩვენი გუნდი მხოლოდ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გამართავს. თუ რატომ არ ითამაშებს გუნდი მანამდე, ამაზე ზუროსი ფიქრობს, რომ ეს თამაშები ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. მიზეზი ის არის, რომ რამდენიმე კალათბურთელი ნაკრებს გვიან შეუერთდება.
„ვიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალ მოსამზადებელ ეტაპს. ძალიან გვიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. დიდი მადლობა ფედერაციას, რომელმაც მთელ ამ პროცესზე იზრუნა… სამწუხაროდ, რამდენიმე კალათბურთელი გვაკლია, მაგრამ მალე სრული შემადგენლობით ვიქნებით. უახლოეს პერიოდში შემოგვიერთდება თად მაკფადენი, შემდეგ თორნიკე შენგელია, ხოლო გოგა ბითაძე ჩვენთან ერთად ვარჯიშს 27 ივნისიდან დაიწყებს. კმაყოფილი ვარ ყველასი, ბიჭები აკეთებენ ყველაფერს, რათა მომავალ მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ“, – ამბობს ზუროსი.
როგორ ტაქტიკით აპირებს ზუროსი თამაშს?
„ჩვენ ვითამაშებთ იმ კალათბურთს, რაც გუნდს ამ დროისთვის მოერგება. გვყავს რამდენიმე კალათბურთელი, რომლებიც ამ ფანჯარაზე პირველად შემოგვიერთდებიან – ბითაძე, ანდრონიკაშვილი… მატჩების წინ ვერაფერს ვიტყვი, თუ როგორ ვითამაშებთ მეტოქესთან“.
17 ივნისს დაწყებული შეკრება უკვე დატოვა სამმა კალათბურთელმა. მიზეზი სხვადასხვაა… „ტურძილაძე საკუთარი ნებით წავიდა გუნდიდან, უმიზეზოდ. რაც შეეხება ბულიავასა და გიგი ნაცვლიშვილს, ისინი ტრავმების გამო არ ვარჯიშობენ“.
ნაკრებში რამდენიმე ახალი სახეა. მათ შორის ამერიკული კოლეჯებიდან, ასევე ვეტერანები. „მეცხვარიშვილი და კაკუშაძე სხვა დროს ვერ გვეხმარებიან, რადგან ნაკრებში ჩამოსვლა მხოლოდ ზაფხულის ფანჯრის დროს უწევთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი სათამაშო ფილოსოფია შესწავლილი არ აქვთ. თუმცა, ყველაფერს აკეთებენ და ძალიან კარგი კალათბურთელები არიან. ცინცაძე ნაკრებში ყველაფერს აკეთებდა. ახლაც მძიმე ტრავმის შემდეგ, ცდილობს სასურველ ფორმაში შევიდეს და ნაკრებს დაეხმაროს. თუმცა, დღეისათვის ჯერ არ არის სათამაშოდ მზად“.
აპირებს თუ არა, ზუროსი აკროპოლისის თასის მოგებას? „მზად ვარ ყველა მოსამზადებელი წავაგოთ, მაგრამ მედლები ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვოთ“.