ახლა ფიფას დრო დადგა. სამშაბათს ლიგის რაგბიმ აუკრძალა ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა, მანამდე კი ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა იგივე.
იმედოვნებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფაც მკაფიო შეხედულებას შეიქმნის და სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამ ეტაპზე ტენდენცია ასეთია: ყველამ თავისი სქესის სპორტსმენთა შეჯიბრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. აქამდე, ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში შეეძლოთ გამოსვლა. ეს ძალიან მოსწონდათ ადამიანთა უფლებების დამცველებს, მაგრამ სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი მეცნიერები უსამართლობად მიიჩნევდნენ.
ფიფა ფრთხილი ორგანიზაციაა და ჯერ კონსულტაციებს გადის. აზრს ყველა პარტნიორს ეკითხება: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, მეცნიერებს, ადამიანთა უფლებების დამცველებს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და ა.შ.
ფრთხილობს თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც. მან შარშან განაცხადა, რომ იმის თქმა, თითქოს ტრანსგენდერ ქალებს დაბადებით ქალებთან შედარებით ფიზიკური უპირატესობა აქვთ, ხელაღებით არ შეიძლება და ასეთი გამოსავალი მოძებნა: ყველა სახეობამ თავად გადაწყვიტეთ თქვენთან როგორ სჯობიაო. სპორტის სახეობებს მართლაც სხვადასხვა სპეციფიკა აქვთ.
ველოსპორტმა, მაგალითად ცურვასავით რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, მაგრამ კანონი გაამკაცრა და მონაწილეთა ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობის ლიმიტი ორჯერ შეამცირა.
მსოფლიო მძლეოსნობის თავკაცმა ლორდმა სებასტიან კოემ (ჩვენში ადრე ასე წერდნენ ამ ინგლისელი ოლიმპიური ჩემპიონის გვარს, რომლის სწორი გამოთქმაც ალბათ არის კოუ) თქვა, რომ საკითხს მისი ფედერაციაც განიხილავს, თუმცა პირადი დამოკიდებულება არ დაუმალავს და თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა ბიოლოგიური ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ.