„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ საიდუმლოს ფარდა აჰხადა და თქვა, რომ ერთი წლის წინ „რეალი” კილიან მბაპეს სანაცვლოდ ცხრანიშნა თანხას სთავაზობდა, მაგრამ მან უარი თქვა. ამ ბიჭისთვის ფული მთავარი არ არისო, ბრძანა ალ ხელაიფიმ. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ მბაპემ „რეალში” გადასვლაზე უარი თქვა და „პარი სენ ჟერმენთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Image: Alamy პარიზელებთან მბაპეს ძველ ხელშეკრულებას ვადა გაუდიოდა და „რეალს” იმედი ჰქონდა, რომ 23 წლის ფრანგი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდებოდა. თურმე მადრიდელები „პარი სენ ჟერმენს” 180 000 000 ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში პარიზელთა პრეზიდენტმა თქვა: „წინა ზაფხულს მე 180 მილიონ ევროზე ვთქვი უარი, რადგან კილიანს პარიზში უნდოდა დარჩენა. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი, რა სურს მას და მის ოჯახს. მათთვის ფული გადამწყვეტი არ არის.

მან თავის ქალაქში დარჩენა და თამაში აირჩია. მას სამშობლოში ყოფნა და ჩვენი პროექტის ერთგულება სურს. ის მხოლოდ თამაშსა და გამარჯვებაზე ფიქრობს”.

გასულ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში, მბაპემ 46 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ახალი კონტრაქტით ის პსჟ-ში 2025 წლამდე უნდა დარჩეს.