1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში, უკრაინას შეხვდება.
აინარს ბაგაცკისის გუნდმა შეკრება იტალიაში გაიარა. უკრაინელები ორი კვირაა ამ მატჩისთვის ემზადებიან და სურთ თბილისში წაგებისთვის (83:88) რევანში აიღონ. უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელი რიგაში თავს კომფორტულად იგრძნობს, რადგან მისი მშობლიური ქალაქია. თუმც, მხოლოდ ამის იმედად არ არის და ჩვენთან სათამაშოდ გარკვეული გეგმა აქვს:
„იტალიაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. თუმცა, ძალიან ცხელოდა და არ გადავტვირთულვართ. პირველ ყოვლისა საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ, თუმცა, იმასაც ვაკვირდებით, როგორ ემზადებიან ქართველები. ჩვენს განკარგულებაში 14 კალათბურთელია, რომელთა შორის არ არიან ბლიზნიუკი, ლიპოვი და ვოიანლოვიჩი. მთავარია, ვინ შეძლებს ლიდერობის საკუთარ თავზე აღებას. თუ მაღალ დონეზე ორმა კალათბურთელმა ითამაშა, წარმატებას ვერ მივაღწევთ.
… თბილისში ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. გადამწყვეტ მომენტებში ფარქვეშ სიმაღლე ძალიან დაგვაკლდა. შენგელიას და შერმადინის შესაძლებლობები ყველამ იცის და ამ მხრივ ვერაფერს დავამატებ და თუკი მათ ბითაძეც დაემატათ, სამწამიან ზონაში ძალიან სერიოზულ ძალას ვიღებთ. სამივე ტექნიკურია, საშუალო და შორი დისტანციიდან სროლაც ეხერხებათ. ცხადია, ამ მხრივ გარკვეული ჩანაფიქრები გვაქვს და ვარჯიშებზე ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
… საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფორმაში შეუერთდება გუნდს თად მაკფადენი, რომელმაც თბილისური მატჩის პირველ ტაიმში უბრალოდ გაგვანადგურა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ქართველებს დუდა სანაძეც ეყოლებათ, რომელიც გამოცდილი კალათბურთელია.
… საქართველოს ნაკრებს სერიოზული მიზნები აქვს. ჩვენთან პირველი მატჩისთვის ჩამოიყვანეს შენგელია, მერე კი, ესპანელებთან თამაში „დათმეს“, რადგან აქცენტი უკრაინასთან მატჩზე ჰქონდათ გაკეთებული. მომდევნო ფანჯრის დროს ჩრდილოეთ მაკედონიელებს შესუსტებული შემადგენლობითაც გადაურბინეს. უნდა ვეცადოთ, რომ ქართველებს თავიანთი კალათბურთი არ ვათამაშოთ. სწრაფი კალათბურთის დროს, როდესაც მატჩის ინტენსიურობა და დინამიკა მაღალია, თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობენ. სამაგიეროდ, პოზიციური კალათბურთი კარგად აქვთ ათვისებული და ტემპის დაგდებას ცდილობენ. ჩვენი ამოცანა სწორედ თამაშის აჩქარება უნდა იყოს. ამ დროს შეცდომების მატების საფრთხეც არსებობს, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ.
… თუკი საქართველოს ნაკრების დამარცხება გვსურს, პირველივე წუთებიდან სწრაფად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ“, – თქვა ბაგაცკისმა.
G ჯგუფს 4-დან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, რომელიც ესპანეთთან (3-დან 3 მოგება) ერთად შემდეგ ეტაპზე არის გასული. თუმც, მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო იოლი გზით მოსახვედრად გუნდებს სჭირდებათ, რომ მომდევნო ეტაპზე მაქსიმალურად მეტი ქულით გადავიდნენ. ჯგუფის მესამე საგზურისთვის კი უკრაინა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონია (4 მარცხი) იბრძვიან.