No description available.ქართველ მორაგბე ლეგიონერებს არნახულად წარმატებული უქმეები გამოუვიდათ..

ჯერ იყო და, პარასკევს, საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ ჯერაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ 24:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო ქართველი ბურჯი ტრადიციულად მეორე ტაიმში ფრანგი ვილფრიდ უნპატენის ნაცვლად შევიდა და როგორც ყოველთვის, „კასტრმა“ თამაშის სწორედ დასკვნით მონაკვეთში მოახერხა საწადელის მიღწევა.

ეს ნიშნავს, რომ 30 წლის ჩილაჩავა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს უმიზნებს, მაგრამ ამაში მას გელა აფრასიძე შეეცილება, ვისი „მონპელიეც“ შაბათს „ბორდოს“ დაუხვდა და 19:10 სძლია.

საოცარი მატჩი გამოვიდა. მარტო ის რად ღირს, რომ მაყურებელმა ორი დროპ-გოლი იხილა: თამაშის მე-13 წუთზე არეკნი „მონპელიეს“ იტალიელმა ვარსკვლავმა პაოლო გარბიზიმ დაჰკრა, ხოლო ტაიმს წერტილი ასხლეტით დარტყმული და ძელებს შუა გაძვრენილი ბურთით ფრანგმა ფულბექმა ანტონი ბუტიემ დაუსვა.

პირველი ნახევარი 13:10 დასრულდა და ეს ანგარიში იქამდე შენარჩუნდა, ვიდრე საქმეში აფრასიძე ჩაერთვებოდა. გელამ 67-ე წუთზე ვეტერანი ფრანგი ბენუა პაიოგი შეცვალა და უკვე 3 წუთში ნიცაში მდებარე ულამაზესი „ალიანც-რივიერა“ 24 წლის ქართველის პირველი სასწაულმოქმედების მოწმე გახდა. ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მზადყოფნა გამოთქვა, დაახლოებით 42-43 მეტრიდან ჯარიმა კარში დაერტყა. კაპიტანმა ნება დართო და არც ინანა – მოკლე გამორბენის შემდეგ გელამ უძლიერესად დაჰკრა ბურთს და გაიტანა კიდეც! 16:10 „ბორდოსთვის“ უკვე განგაშს ნიშნავდა და ღვინისფერკვართიანი გუნდი ბოლო იერიშზე გადავიდა, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდა, ოღონდ მეტოქის ნახევარზე. თუმცა ამ მეტოქე გუნდს ხომ გელა აფრასიძე ჰყავდა, რომლის შესახებაც ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა მოსწრებულად თქვა, ფეხში ზარბაზანი აქვსო.

No description available.ჰოდა 79-ე წუთზე სადღაც 52 მეტრის მანძილიდან გელამ კვლავ უძლერესად და რაც მთავარია, ზუსტად გაისროლა – 19:10! ეს უნიკალური დარტყმა უკვე „მონპელიეს“ ფინალისტობას ნიშნავდა!

დაბოლოს, კვირა-დღეს, მსოფლიოს უმთავრეს სარაგბო არენა „თვიქნემზე“ დიდი ტესტ-მატჩი გაიმართა – ინგლისის ნაკრებმა სარაგბო კლუბ „ბარბაროსებს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 21:52 დამარცხდა.

ამ მატჩში „რკ ბარბარიანსი“ წარმოგვიდგა როგორც საფრანგეთის ტოპ 14-ის ნაკრები, რომელშიც, ცხადია, შიდა პირველობის ნახევარფინალების მონაწილე გუნდების წევრები აკლდა. ჰოდა, ამ სუპერვარსკვლავთა კრებულში ორი ქართველიც მოხვდა, თანაც ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო. „ტულონისა“ და საქართველოს ნაკრების 30 წლის ბურჯმა ბექა გიგაშვილმა თავისი წილი 55 წუთი მართლაც ვარსკვლავურ დონეზე ჩაატარა – რაქებში ძალიან ეფექტური იყო და ჯახებისასაც არაფერი დაუთმო ოპონენტებს.

აი, 19 წლის დავით ნინიაშვილმა კი, თამაში შეუცვლელად ჩაატარა და როგორც ზოგადად ახალბედებს მოეთხოვებათ, ძირითადად შავი სამუშაოს შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენმა ვარსკვლავ-ბიჭუნამ არც ამ ჯერზე შეირცხვინა თავი – თავის ფლანგზე არავინ გააჭაჭანა და ბოჭვების რაოდენობით ალბათ საუკეთესოც იყო ორივე გუნდში. თამაშის შეტევაში კი მას თანაგუნდელები აიგნორებდნენ, თუმცა მსოფლიო რაგბის უკაშკაშეს ვარსკვლავ დამიენ პენოს და სხვა გამოჩენილ ფრანგებსა თუ ფიჯელებს დათოს დაუხმარებლადაც არ გაუჭირდათ ედი ჯონსის მრისხანე რაზმის განადგურება.

თუმცა ნინიაშვილი რის ნინიაშვილი იქნებოდა, თავისი ფოკუსი ლონდონურ სარაგბო მექაშიც არ ჩაეტარებინა: 77-ე წუთზე დათომ ბურთი საკუთარ ნახევარზე მეტოქეს აართვა, ფინტებით ინგლისის მოედანზე გადავიდა და თითქოს ყველას გასცდა, თუმცა ბოლო მომენტში დამცველმა მას ფეხზე ხელი წაკრა და ნინიაშვილი

No description available.წაიქცა, მაგრამ დავარდნის მაგივრად კულბიტის შესრულება მოახერხა, თან ისე, რომ ბურთი ხელთ ეკავა, წამოხტა, სირბილი გააგრძელა და ეგებ, თავადაც შეეძლო გაქცევა, მაგრამ ცენტრისკენ გადაცემა ამჯობინა, შეტევას აყვა, მაგრამ ბრწყინვალედ მოთამაშე 20 წლის ნოლან ლე გარეკმა ბურთი აღარ დაუბრუნა და ლელო მარჯვნიდან მიყოლილ ანტუან ასტუას დაადებინა. ეს იყო „ბარბაროსების“ ბოლო, მე-8 ლელო, ხოლო რაგბის საუცხოოდ მცოდნე „თვიქნემმა“ ჭაბუკი ქართველისთვის ოვაცია არ დაიშურა.

პრინციპში, ეს შეხვედრა ინგლისელი მეორეხაზელის ჯორჯ კრუზის გაცილების მატჩი უფრო იყო, რომელმაც ინგლისის ნაკრებში თააში ედი ჯონსის ხელმძღვანელობით დაიწყო და სპორტული კარიერა „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ედი ჯონსისვე წინააღმდეგ დაასრულა. სხვათა შორის, ამ კრუზმა თამაშში შოუს ელემენტები ჩართო – 2-მეტრიანმა ფორვარდმა „ბარბაროსების“ 3 ლელო… გარდასახა. ამხელა კაცის მიერ კარში დარტყმას ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავთ…

თუმცა, ჩვენ გიგაშვილი და ნინიაშვილი უფრო გვაინტერესებდა და ორივემ თავისი მაღალი რენომე სრულად დაადასტურა.