ბულგარეთის ნაკრებისა და პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველის ტოდორ ნედელევის შესახებ ბოლო ინფორმაცია ის გახლავთ, რომ ის 17 ივნისს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს და ამ ეტაპზე საქართველოს დედაქალაქში, სასტუმროშია.
ეს ინფორმაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა. ნედელევთან ერთად არის ქვეყნის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი. შეგახსენებთ, რომ ნედელევი ბულგარელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტად დაშავდა იმ ავტოავარიაში, რომელიც თბილისში ერთა ლიგის შეხვედრაში სათამაშოდ ჩამოსულ ნაკრებს შეემთხვა.
გაწერის წინ ნედელევს ჩაუტარეს ანალიზები. ყველაფერი ნორმაში იყო, თუმცა ქართველმა ექიმებმა სიფრთხილე გამოიჩინეს და პაციენტი რამდენიმე დღით კვლავ თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს.
ნედელევი თბილისიდან სამშობლოში სავარაუდოდ 22 ივნისს გაფრინდება. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა უკვე მიიღო საჭირო ზომები. ფეხბურთელის წასაყვანად თბილისში საგანგებო სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოფრინდება, რომელსაც თან კვალიფიციური პერსონალი ჩამოჰყვება.