დეკლან რაისი „ვესტ ჰემის” მომდევნო ორ ევროთამაშს გამოტოვებს. ლონდონელთა კაპიტანი დასჯილია, რადგან „აინტრახტთან” შეხვედრის დროს მსაჯს უთხრა შენ ალბათ მოსყიდული ხარო.
„რა საცოდაობაა. მთელს თამაშს ასე სჯი. როგორ ახერხებ ასე ცუდად მსაჯობას? მართლა, f****** მოქრთამული იქნები. ეს f****** კორუფციაა”, — უთქვამს ფეხბურთელს.
„ჩაქუჩები” ევროლიგაში გამოდიოდნენ, სადაც ნახევარფინალს მიაღწიეს, ოღონდ იქ ფრანკფურტის გუნდს შეხვდნენ, რომელმაც ინგლისში 2:1 მოუგო, ხოლო გერმანიაში 1:0. ინციდენტი, რომლის შესახებაც მოგახსენებთ მეორე შეხვედრის დროს მოხდა. მატჩს ესპანელი ხესუს ხილ მანსანო სჯიდა.
რაისმა არბიტრი გასახდელებიდან გამოსასვლელთან იხელთა. ეს ამბავი კამერამ გადაიღო და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
პარასკევს უეფამ ნახევარმცველის დასჯის შესახებ გამოაცხადა.
იმავე შეხვედრაში „ვესტ ჰემის” მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ნერვები ვერ მოთოკა და „აუტის ბიჭს” ბურთი ესროლა. ესროლა კი არა, ბურთს ფეხი დაარტყა, უნდოდა ბიჭისთვის დაემიზნებინა. მანსანომ ის წითელი ბარათით დასაჯა. მოიესს ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
რაისმა და მოიესმა ჩადენილი საქციელისთვის ბოდიში მოიხადეს. მათ თავი მოჭარბებული ემოციებით გაიმართლეს.