Kylian Mbappe of France celebrates after scoring his team's first goal during the UEFA Nations League group stage match between Sweden and France at...
კილიან მბაპე

„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის გამოადგებოდა, მეტი არაფრისთვის. ეს აშკარად ნაწყენი კაცის სიტყვებია. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან” მასთან გადავიდოდა, მაგრამ ვაჭრობაში „მანჩესტერ სიტიმ” აჯობა. „ქალაქელებმა” გერმანელებს 51 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

„რეალისთვის” ეს იყო ზაფხულის მეორე იმედგაცრუება სანტრანსფერო ბაზარზე. მანამდე პერესს ფრანგი კილიან მბაპეს ყიდვა უნდოდა, მაგრამ მბაპემაც უგანა — „პარი სენ ჟერმენში” დარჩა.

მადრიდელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ 21 წლის ჰოლანდის შესაძენად დიდად არც იკლავდა თავს, რადგან „ლოს ბლანკოსში” ქარიმ ბენზემა თამაშობს. „ელ ჩირინგიტოსთან” ინტერვიუში მან დააზუსტა:

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი გვყავს და ამიტომაც არ ვაპირებდით ჰოლანდის შეძენას. მასში ბევრი ფული უნდა გადაგვეხადა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე დაგვესვა. ორი წლის მერე? ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით ჩვენი ამოცანა არსებული ფეხბურთელებით, ვეტერანებითა და ახალგაზრდებით, პლუს რამდენიმე ახალწვეულით ახალი გუნდი შექმნაა”.

რად უნდა ლაპარაკი, რომ პერესი მბაპეზე უფრო ნაწყენია. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლის საქმე თითქოს გადაწყვეტილი იყო, როდესაც მან მოულოდნელად გუნება იცვალა და „პარკ დე პრენსზე” დარჩა. ამბობენ, მბაპემ პარიზელებს ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც სეზონში 75 მილიონ ევროს მიიღებსო.

„ის „რეალში” თამაშზე ოცნებობდა, — თქვა პერესმა, — შარშან აგვისტოში უნდოდა ჩვენთან გადმოსვლა, მაგრამ არ გამოუშვეს. მბაპე ამის შემდეგაც დაჟინებით იმეორებდა, რომ „რეალის” ფეხბურთელობა სურდა. იგივე თქვა გადაწყვეტილების შეცვლამდე სულ რაღაც 15 დღით ადრე, მაგრამ მერე ყველაფერი ყირაზე დადგა.

მე ასეთი მბაპე არაფერში მჭირდება. მე რომ „რეალისთვის” მინდოდა ის სხვა ადამიანი იყო, რომელიც ახლა  შეიცვალა. მას სხვა რაღაცები შესთავაზეს, მიაწვნენ და სხვა კაცად აქციეს. ჩვენთან, მადრიდში კლუბზე მაღლა არავინ დგას.

მბაპე რასაკვირველია დიდი ვარსკვლავია. მას სხვებზე მეტი ჯილდოს მოგება შეუძლია, მაგრამ ფეხბურთი კოლექტიური სპორტია. თან ჩვენ ჩვენი პრინციპები გვაქვს რომელთა შეცვლას არ ვაპირებთ”.