ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრების მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს გამოესარჩლა. მან თქვა, რომ ფანებისა და მიმომხილველების ნაწილმა, ერთა ლიგაზე, შინ, უნგრეთთან 0:4 დამარცხების შემდეგ საუთგეიტის გაშვება მოითხოვა, რაც დაუშვებელია. 29 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედანზე ბოლო წუთებში შევიდა, მიიჩნევს, რომ „სამი ლომი” სწორი მიმართულებით მიდის.
მაგუაირი: „გარეთი სერ ალფ რემზის შემდეგ, რომელმაც 1966 წელს ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ფეხბურთელებს ყოველ ჯერზე ერთი სული გვაქვს, როდის ვიმუშავებთ მასთან. ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ მიზეზს, რომლის გამოც ჩვენი პროგრესი შეჩერდება. ჩვენი ამოცანა წინა დიდ ტურნირებთან შედარებით უკეთესი შედეგის მიღწევაა. გვინდა ჩვენს ქვეყანას სიამაყის განცდა ვაჩუქოთ”.
არადა, უნგრეთთან 0:4 დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის A3 ჯგუფში ბოლო ადგილზეა. საუთგეიტის გუნდმა უნგრელებთან ორივე შეხვედრა წააგო, იტალიასა და გერმანიასთან კი ფრედ ითამაშა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე, რომელიც ყატარში 21 ნოემბერს დაიწყება, ინგლისელებს სულ ორი მატჩი დარჩათ — ერთა ლიგის შეხვედრები გერმანიასა და იტალიასთან.
მაგუაირი: „პირველ სამ შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ ის რაც ბოლო ტურში უნგრეთთან შეგვემთხვა, ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო. ახლა ყველას დასვენება და გადატვირთვა გვჭირდება. შედეგების მიუხედავად გუნდში კარგი ატმოსფეროა”.
გულშემატკივრები თავად ცენტრალურ მცველსაც აკრიტიკებენ. უნგრეთთან შეხვედრაში, როდესაც ის მოედანზე შედიოდა, ტრიბუნები უსტვენდნენ.
აქ მაგუაირი უკვე საუთგეიტმა დაიცვა: „ეს სტვენა მე მეკუთვნოდა. 0:3-ს ვაგებდით, მე კი თავდამსხმელი ბაკაიოკო საკა შევცვალე და მცველი შევიყვანე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დაშლილები ვიყავით, თან ერთი მოთამაშე გაძევებული გვყავდა და სოლიდურობა გვჭირდებოდა. თამაშს ვეღარ მოვიგებდით, ეს უკვე ცხადი იყო, მოედანზე მყოფი ფეხბურთელები კი უნდა დამეცვა.
ამიტომაც ვამბობ, რომ ის სტვენა ჰარის არ ეკუთვნოდა. მანამდე მან სამი კარგი თამაში ჩაატარა; ამ შეკრებაზე დიდი ნაბიჯი გადადგა წინ”.
გარეთ საუთგეიტს, რომელმაც ნაკრებთან ახალი კონტრაქტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დამთავრებამდე გააფორმა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში მხარს უჭერენ. მწვრთნელმა თქვა:
„ახლა ვეღარაფერს ვიზამ. ფეხბურთელებს დასვენება, გადართვა, ფიქრების გასუფთავება სჭირდებათ. ზოგი მათგანი ნამდვილად არ იყო კარგ ფორმაში, მაგრამ ნაკრებში ყოფნა და ერთმანეთის მხარდაჭერა ყველას სიამოვნებდა. ასე რომ უნგრეთთან დამარცხება მათი ბრალი არ არის. ეს ჩემი ბრალია”.