ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ 21 წლის არის (22 წლისა 21 ივლისს გახდება), მაგრამ უკვე შთამბეჭდავი რაოდენობის გოლები აქვს გატანილი. მის ასაკში ასეთი შედეგი თვით ლეგენდარულ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუსაც კი არ ჰქონდათ.

ჰოლანდი მაისში „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, ახლა კი მისი წარდგინებაც შედგა.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ ელიან „ქალაქელი” გულშემატკივრები, რომ ნორვეგიელი პრემიერლიგას შტურმით დაიპყრობს. ამისათვის საკმარისია სტატისტიკის დავთარს ჩავხედოთ.

ჰოლანდი დაიბადა ლიდსში, მაგრამ კარიერა სამშობლოში, „ბრინეში” დაიწყო, საიდანაც „მიოლდეში” გადავიდა, აქედან გერმანულ „ზალცბურგს” მიაშურა, ბოლოს „დორტმუნდში” იყო და ამ კლუბებში ერთად 196 შეხვედრაში 135 გოლი გაიტანა. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ასეთი შედეგით ფორვარდი იმ სიის სათავეშია, რომელშიც მის ქვემოთ უდიდესი ვარსკვლავების სახელები წერია. ლაპარაკია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც 21 წლის ასაკში მსოფლიო უკვე იცნობდა.

პრემიერლიგიდან ცხრილში ჰოლანდთან ახლოს ერთადერთი თავდამსხმელია — „ჩელსიში” მოთამაშე ბელგიელი რომელუ ლუკაკუ. სანამ 22 წლისა გახდებოდა მან 102 გოლი გაიტანა, მაგრამ შედეგიანობა ერთ მატჩში საშუალოდ 0,39 ჰქონდა, რაც ჰოლანდის 0,68-თან ახლოს ვერ მივა.

სხვა საქმეა ნეიმარი, რომელსაც ჰოლანდის ასაკში ყოველ მეორე შეხვედრაში გოლი გაჰქონდა, მაგრამ ეს ბრაზილიის ჩემპიონატში ხდებოდა, სადაც სავარაუდოდ გოლები უფრო იოლად გადის ვიდრე ბუნდესლიგაში. ნეიმარზე ოდნავ უარესი მაჩვენებელი ჰქონდა ლეო მესის — 0,47. ჩინებული შედეგი ჰქონდა სერხიო აგუეროსაც — 0,4.

რონალდუ და მისი ტკბილ-მწარე მეგობარი „მანჩესტერ იუნაიტედიდან”, უეინ რუნი ცხრილში უფრო დაბლა არიან: 0,23 და 0,33.