Great news from Georgia for Todor Nedelev 1ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელის, ტოდორ ნედელევის გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიდის. მან ამის შესახებ პირადად მისი მხსნელისგან, პროფესორი შოთა ინგოროყვასგან შეიტყო, რომელმაც პაციენტი ორშაბათს მოინახულა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ელოდა. ამის შესახებ ბულგარული „ბლიცი” წერს.

პროფესორმა ინგოროყვამ პლოვდივის „ბოტევის” ნახევარმცველს რთული ოპერაცია ჩაუტარა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ავარია შეემთხვა.

ექიმმა თქვა, რომ თუ ნედელევი ასეთი ტემპით განაგრძობს გამოჯანმრთელებას, მალე მისი შინ გამგზავრება შესაძლებელი გახდება, ოღონდ ისეთი თვითმფრინავით, რომელიც დაბლა იფრენს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის მეუღლე ანიტა ტერზიისკა თბილისში ჩადის და მეუღლესთან ერთად ადგილობრივ სასტუმროში გადავა. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, ნედელევი სამშობლოში გაემგზავრება.