მე რომ უეფა ვიყო და ქართველებისადმი სიმპათია მქონდეს, საქართველოს ნაკრებს ყველა მატჩს სტუმრად დავუნიშნავდი… ხუმრობა იქით იყის და, არ გამოგვდის პირველ ნომრად თამაში და ეს მხოლოდ ბულგარელებთან შეხვედრას არ ეხება.

რა თქმა უნდა, იმ მშვენიერი სამი თამაშის შემდეგ, რომლებიც ბიჭებმა გვაჩუქეს და მომავლის იმედი დაგვიბრუნეს, აბა, საკრიტიკოდ ან ენა ან კალამი, თუნდაც კლავიატურა როგორ მომიბრუბდება.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგადაა – მიჯრით მეცხრე წაუგებელი მატჩი. ოთხი ტურის შემდეგ ერთა C ლიგის მეოთხე ჯგუფში 10 ქულით ერთპიროვნული  ლიდერობა. ისევ თავგამოდებული თამაში და ბოლომდე დახარჯვა. ბიჭებს ვერაფერს ვუსაყვედურებთ.

პირიქით, ეს ხომ ათი დღის განმავლობაში მეოთხე თამაში იყო და ალბათ ცოტა დაიღალნენ კიდეც. თავი არ დაუზოგავთ. მართლაც გმირობაა ასეთი კალენდრის გაძლება. მერე ჩვენებურთა თავკცმა, სანიოლმაც თქვა: მეორე ტაიმში „საწვავი“ აღარ გვეყოო.

თამაშის შემდეგ სავსე სტადიონი ჩვენ ფეხბურთელებს ტაშით აცილებდა. ეს ტაში სწორედ იმ თავდადების სამადლობელი იყო, რომელიც მათ ბოლო დღეებში დაიმსახურეს.

ხანდახან დიდ გუნდებსაც არ მისდით თამაში და მნიშვნელოვან მატჩებს ვერ იგებენ ხოლმე. სულაც ახლახან იტალიის ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი გავიხსენოთ, რომელიც „აძურას“ მუნდიალის საგზურის დაკარგვად დაუჯდა. აპენინელები მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ უშედეგოდ, ბალკანელებმა კი ბოლოს ერთხელ დაარტყეს და მოიგეს.

დაახლოებით ამდაგვარი რამ მოხდა ჩვენ თამაშშიც. იმ განსხვავებით, რომ ბულგარელებს გოლი არ გაუტანიათ, თუმცა ბოლოსკენ ძალიან გათამამდნენ.

ჟინი და მოტივაცია კარგია, მაგრამ ქართველების შეტევები თავიდანვე რაღაც ქაოსური იყო. ასე გაგრძელდა ბოლომდე და საქმეს ვერც შეცვლებმა უშველა.

წინა მიმოხილვებში ჩვენიანებს საშინაო დავალებებს ვუქებდით, აშკარად ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციების კვალად აღწევდნენ წარმატებას. ამჯერად კი ეს ვერ დავინახეთ და სანიოლს ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

მოქნილობა და იდეა აკლდათ შეტევაში. კვარაცხელია ისევ ბევრს ცდილობდა, ლობჟანიძემ ლამის 30 კილომეტრი ირბინა, კაშიამ ისეთი შორეული პასები აკეთა, დათო ყიფიანი გაგვახსენდა. კარგი იყო ხოჭოლავა, კვეკვესკირი. კიდევ გავმეორდებით, თავი არცერთს დაუზოგავს. მაგრამ სიმწყობრე, რაღაც კონკრეტული დავალება ვერ დავინახეთ. ეგეცაა, ბულგარელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს.

კიდევ. სტანდარტული მდგომარეობები. ქართველთა „აქილევსის ქუსლი.“ დღეს ფეხბურთში სივრცეები იმდენად შეიზღუდა, რომ  გოლის გატანა ძლიან გაჭირდა. ამიტომ ყველა დიდი გუნდი თუ ნაკრები წარმატებას ხშირად სტანდარტულების გამოყენებით აღწევს. ჩვენებმა 10 კუთხური მოაწოდეს, რამდენჯერმე სახიფათო პოზიციიდან საჯარიმო დაარტყეს. ეფექტი – ნული.

სხვა მხრივ, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. სავსე ტრიბუნები. საქართველოს ჰიმნი, რომელიც თამაშის წინ დაახლოეით 56 ათასმა ადამიანმა ერთხმად პირველად იმღერა ფეხბურთლებთან ერთად. ხალისიანი განწყობა და ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი.

რასაც ვერ ვიტვით „დინამი არენის“ მინდვრის საფარზე. მორწყვა  მეტი მოუვიდათ თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფეხბურთელებს ერთთავად ფეხი უცურდებოდათ და  მიწის ბელტები აქეთ-იქით ცვიოდა.