ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან 0:0 ითამაშა. ამ შეხვედრას ბულგარულ მედიაში ცხადია მიეძღვნა წერილები. მაგალითად, 7sport ხაზს უსვამს, რომ შეხვედრა 50 000 მაყურებლის წინაშე ჩატარდა და მათმა გუნდმა გაცილებით უკეთესი, ბრძოლისუნარიანი ფეხბურთი აჩვენა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ რაზგრადში, როდესაც იმავე მეტოქესთან 2:5 წააგო.
შემდეგ მიმოხილვაში განხილულია ბულგარეთის ნაკრების სქემა: 4-4-2. წერია რომელი მოთამაშე რა ფუნქციას ასრულებდა. აღნიშნულია, რომ მე-8 წუთზე ქართველმა გულშემატკივარმა ტაშით გაამხნევა თბილისში, ავტო-საგზაო შემთხვევაში დაზიანებული ტოდორ ნედელევი, შემდეგ კი აღწერილია შეხვედრა: წერია, რომ მე-10 წუთზე კოსტადინოვმა საქართველოს კართან თავურით სახიფათო მომენტი შექმნა, რომელიც ლორიამ იოლად დაიჭირა, ხოლო საქართველომ 8 კუთხური ჩააწოდა, რომელთაგან სახიფათო ერთიც არ იყო.
მეორე ტაიმზე ნათქვამია, რომ ის ქართველების ზეწოლით დაიწყო. 56-ე წუთზე კვარაცხელიამ მიქაუტაძეს მიაწოდა, მაგრამ მან უზუსტოდ დაარტყა. მალე ქართველებმა შეტევაში დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც გოლი ვერ გაიტანეს: მცველმა გალაბოვმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, რასაც მოჰყვა ახალი ხელსაყრელი მდგომარეობა, მაგრამ ვილი სანიოლის შეგირდებს ბრწყინვალედ აუღო ნიკოლაი მიხაილოვმა.
73-ე წუთზე მინჩევმა ტექნიკურად დაარტყა საშუალო მანძილიდან, ცოტა ხანში კი კოსტადინოვმა მასპინძლების სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
ქართველები ბოლომდე ცდილობდნენ ბულგარეთის დაცვისთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ დაცვა სტაბილურად იდგა. შეხვედრა დასრულდა 0:0. ჯგუფს საქართველო ლიდერობს 10 ქულით, ბულგარეთი კი 3 ქულით მე-3 ადგილზეა.
„ლომები” შემდეგ შეხვედრას 23 სექტემბერს შინ გამართავენ გიბრალტართან, ხოლო 26-ში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან.