ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბი „ბოტევი” აცხადებს, რომ თბილისიდან სასიხარულო ცნობა მიიღო: გუნდის კაპიტანი ტოდორ ნედელევი ოპერაციის შემდეგ გონს მოეგო და სტაბილურადაა. ის კონტაქტურია.
„ბოტევის” საიტმა ცნობა მიღებიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე სათამაშოდ თბილისში ჩამოფრენილ ბულგარეთის ნაკრებს ავარია შეემთხვა. დელეგაციის ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ტოდორ, იგივე ტოში ნედელევს არ გაუმართლა. ის პირველი ავტობუსის უკანა სკამზე იჯდა. გატეხილი შუშა მას თავში მოხვდა და ნატეხის ამოსაღებად გადაუდებელი ორსაათიანი ოპერაცია გახდა საჭირო.
ბულგარეთის ნაკრების სხვა მოთამაშეები და დელეგაციის სხვა წევრები ჯანმრთელად არიან.






