ჩრდილოეთ მაკედონიური საიტი gol.mk წერს: „მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზე გასასვლელი გზა გაირთულა. მან შინ 0:3 წააგო საქართველოსთან, რომელმაც თავის მხრივ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და დარჩენილი თამაშების წინ ჩინებულ პოზიციაშია.

სკოპიეში გუნდი რომელიც უტევდა, იყო მაკედონია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის შინ გოლების გატანა მტკივნეულ პრობლემად იქცა. ბლაგოია მილევსკის ხელმძღვანელობით ჩატარებული ხუთი საშინაო შეხვედრიდან ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთში, ისლანდიასთან გაიტანა გოლი. დღეს, ერთა ლიგის გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე საქართველო ხუთი ქულით გვისწრებს. კვირას გიბრალტარს ვხვდებით, დარჩენილი ორი მატჩი კი სექტემბერშია.

ბლაგოია მილევსკიმ მოედანზე საუკეთესო შემტევი შემადგენლობის გაყვანა არჩია. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ პირველივე წუთიდან 4-2-3-1 განლაგებით ვთამაშობდით. მოედანზე  იგივე ფეხბურთელები იყვნენ, რომელთაც რაზგრადში ბულგარეთთან ითამაშეს.

სანიოლმა წინა შეხვედრასთან შედარებით ორი ფეხბურთელი შეცვალა: კარში ლორიას ნაცვლად მამარდაშვილი ჩააყენა, მარცხენა ფრთაზე კი აზაროვს მაგივრად წიტაიშვილი გამოიყვანა.

მატჩი სკოპიეში ბევრი შეჩერებებით დაიწყო. თავიდან მოქმედება ძირითადად მოედნის შუაში ვითარდებოდა. პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც დავითაშვილი ველკოვსკის დაუსხლტა და არცთუ ძლიერად დაარტყა დაბლა. ბურთი დიმიტრევსკიმ დაიჭირა.

მაკედონიამ მე-13 წუთამდე დაიცადა და მერე ორჯერ დაარტყა შორიდან. პირველად ეს რისტოვსკიმ გააკეთა, შემდეგ კი ბარდიმ, მაგრამ საქართველოს დაცვის კედელმა ბურთს გზა გადაუღობა და ასე დაინიშნა მატჩის პირველი კუთხური. მე-17 წუთზე ტრაიკოვსკიმ დაარტყა კარგად, მაგრამ ბურთმა ძელთან ახლოს ჩაიფრინა. პირველი შანსის შემდეგ ქართველები უწყინარნი ჩანდნენ, მაკედონიის დაცვა კარგად იდგა. სწრაფი კვარაცხელია და წიტაიშვილი კონტრშეტევაზე თამაშს ცდილობდნენ, მაგრამ წარუმატებლად, რადგან მათ კარგად მეურვეობდნენ.

სტუმრებმა ბედი 31-ე წუთზე ერთხელაც სცადეს. ისევ დავითაშვილმა დაარტყა, მაგრამ პირდაპირ დიმიტრიევსკის დაუმიზნა, მაკედონიელთაგან კი საუკეთესო მომენტი ბურთის ტრაიკოვსკისგან მიღების შემდეგ ელმასს ჰქონდა, მაგრამ მამარდაშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია. მე-40 წუთზე ელმასს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ბურთს კვლავ მეკარე დახვდა. ამრიგად, პირველი ტაიმი დამთავრდა გოლის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიას მეტი მომენტი ჰქონდა და ბურთსაც მეტად ფლობდა.

შესვენების შემდეგ მაკედონიამ კვლავ ზეწოლა მოაწყო, ოღონდ ამან მხოლოდ ხუთ წუთს გასტანა, შემდეგ კი დაიწყო წარმოუდგენელი დაღმასვლა. 52-ე წუთზე საქართველომ კონტრშეტევა მოაწყო და ზივზივაძის გოლით დაწინაურდა. ათი წუთის შემდეგ კვარაცხელიამ 25 მეტრიდან ეფექტური დარტყმით დიმიტრევსკი დატოვა გაოცებული, რომელსაც უკეთესი თამაში მართებდა, კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი მაკედონიის ნოკდაუნი მესამე გოლით დადასტურდა, თუმცა ეს გოლი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. თამაშის მიწურულს მაკედონიამ თეთრი დროშა აღმართა: 84-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში 3:0 გახადა.