No description available.საფრანგეთსა და ინგლისში სარაგბო ჩემპონატების ტოპ-ლიგების რეგულარული სეზონები დასრულდა.

გიორგი კვესელაძემ თავის „გლოსტერში“ დამკვიდრება სეზონის ფინიშზეღა შეძლო, თუმცა მიუხედავად ბოლო მატჩში მრისხანე „სარასენსის“ ძლევისა, „გლოსტერმა“ საპლეიოფო ოთხეულში შეღწევა მაინც ვერ მოახერხა. ამდენად, კვესელაძისთვის საკლუბო სეზონიც აქ დასრულდა.

მისი ბედი საფრანგეთში მოასპარეზე მრავალმა ბორჯღალოსანმაც გაიზიარა, თუმცა არც ისეთები არიან ცოტანი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

რეგულარული პირველ საფეხურზე ყველასთვის მოულოდნელად „კასტრმა“ დაასრულა, რომელმაც „პოს“ გასვლაზე 26:16 სძლია. კასტრელთა შორის ბოლო 20 წუთი ლევან ჩილაჩავამ ითამაშა, ხოლო ბასკთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გორგაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი გუნდი კი უსაფრთხო და უპერსპექტივო მე-10 საფეხურზე დარჩა.

No description available.პრესტიჟულ მეორე ადგილზე კი „მონპელიე“ გავიდა, რომელმაც კლერმონში 15:20 წაგო და მხოლოდ ბონუსს გამორჩა. ეს ქულა გუნდს ქართვლმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ მოუპოვა, რომელიც შესვლაზე მე-60 წუთზე შევიდა და უკვე 7 წუთში მასპინძლები დაალელოვა. ეს იყო გელასთვის მე-3 ლელო ტოპ 14-ის მე-13 მატჩში.

მესემე ადგილზე „ბორდო“ გავიდა, რომელსაც ლექსო ყაულაშვილის დასკვნითმა 12-წუთიანმა გარჯამ ვერაფერი უშველა – ბორდოელები კატალონიაში „პერპინიანთან“ 15:22 დამარცხდნენ და ამ უკანასკნელს ტოპ 14-ში ადგილის შესანაჩუნებლად პრო დ2-ის ფინალისტთან დამატებითი პლეი-ოფის გამართვა მოუწევს.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ პრო დ2-ში კარგა ხნის გავარდნილი „ბიარიცი“ ასტრონომიული ანგარიშით დაამარცხა – 80:7. ბასკთა შორის ბოლო 26 წუთი ვახტანგ ახობაძემ ითამაშა.

მე-5 ადგილზე პარიზის „რასინგ 92“ გავიდა, რომელმაც „ტულონს“ 21:16 აჯობა და სანუკვარი ექვსეულის გარეთ დატოვა. ტულონელთა სასტარტოში ტრადიციულად იყო ბექა გიგაშვილი, რომელმაც 61-ე წუთამდე ითამაშა და მისი გასვლისას „ტულონი“ 16:14 იგებდა…

No description available.ლიონში კი ევროპის სუპერთასის მაგვარი მატჩი შედგა: ჩელენჯ კაპის მფლობელმა „ლიონმა“ ჩემპიონთა თასის გამარჯველბულ „ლა როშელს“ უმასპინძლა და რომ მოეგო, სანუკვარ ექვსეულში სწორედ ატლანტიკისპირელთა ადგილს დაიკავებდა. მაგრამ ქართველების არყოფნამ „ლიონზე“ უარყოფითად იმოქმედა და „ლა როშელმა“ ბოლოს გამარჯვება მასპინძლებს ხელიდან მაინც გამოგლიჯა – 29:26. ამდენად, ნინიაშვილსა და საღინაძეს საკლუბო მიზნები აღარ აქვთ და სანაკრებო ტესტებამდე დასვენება და მშვიდად მომზადება შეუძლიათ.

მეორე ქართული ლელოს შესახებაც ვთქვთ – სეზონის ჩაგდებული მეორე ნახევრის ფინიშზე „ბრივს“ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოპ 14-ის ყველაზე ქართულ გუნდს „პერპინიანის“ ნაცვლად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის არცთუ სასიამოვნო ბრძოლა მოუწევდა. მაგრამ ბრიველებმა ძალების მოკრება შეძლეს და ქართველთათვის კარგად ნაცნობ პარიზულ „ჟან ბუენზე“ დედაქალაქურ „სტად ფრანსეს“ 33:17 აჯობეს.

მასპინძელთა შორის 52-ე წუთზე გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მწვრთნელებმა გაზონზე 18 წლის სერგო აბრამიშვილი შეუშვეს და ნორჩი ქართველი ბურჯის პროფესიული დებიუტიც შედგა.

No description available.გამარჯვებულთა სასტარტოში ერთი ჩვენებური იყო – ლუკა ჯაფარიძე, რომელიც „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. 61-ე წუთზე მან ადგილი სოსო ბეკოშვილს დაუთმო. ვანო კარკაძე თამაშში 52-ე წუთზე ჩაება, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ ლელო გელაზე სწრაფად გაიტანა: მოედანზე 61-ე წუთზე შესულმა ქართველმა 9 ნომერმა პარიზელები 2 წუთში დაალელოვა. ეს იყო ვასკას მეორე ლელო ტოპ 14-ში გამართულ 21-ე შეხვედრაში.

პრო დ2-ის ჩემპიონი კი „ბაიონი“ გახდა, რომელმაც მონპელიეში გამართულ ფინალში „მონ-დე-მარსანი“ 49:20 გაანადგურა. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ლაშა მაჭარაშვილი 55-ეზე გამოჩნდა. ამრიგად, ტოპ 14-სა და პრო დ2-ს შორის ბასკური გაცვლა მოხდა – „ბიარიცის“ ადგილს „ბაიონი“ დაიკავებს, ხოლო „პერპინიანი“ და მონ-დე-მარსანი“ მომავალ უქმეებზე „ერთმანეთს“ ტოპ 14-ის კიდევ ერთი საგზურისთვის შეერკინებიან.

აქვე მოგახსენებთ, რომ პრო დ2-დან გავარდნილი „ნარბონისა“ და „ბრესანის“ ადგილებს „მასი“ და „ანგულემი“ დაიკავებენ. ამ უკანასკნელის უბერებელმა ლიდერმა შალვა სუთიაშვილმა კი ფინალის მოგებისა და ნასიონალ ლიგის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ აქტიური კარიერა დაასრულა.