9 ივნისს საქართველოს ნაკრებს  ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში მესამე თამაში უწევს სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მაკედონიელებმა პირველი ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარეს — ჯერ ბულგარეთში 1:1 ითამაშეს, შემდეგ კი გიბრალტარს მოუგეს 2:0 და ცხრილში 4 ქულით საქართველოს ნაკრების შემდეგ მეორე ადგილზე არიან. საქართველოს 6 ქულა აქვს. გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა — 9:2.

როგორი განწყობაა მეორე სათამაშო დღის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში? ყურადსაღები გახლდათ slobodenpecat.mk-ს მოკლე წერილი, რომლის ავტორიც ბულგარეთისა და საქართველოს (2:5) შეხვედრას მიმოიხილავდა. რეალურად, ეს იყო სიტყვებით დაწერილი ოქმი, მაგრამ საინტერესო შესავლით:

„სანამ C ლიგის მეოთხე ჯგუფის თამაშები დაიწყებოდა, გვეგონა, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლასა და ევრო 2024-ის ფლეი-ოფში მოსახვედრად მაკედონიის ნაკრების მთავარი კონკურენტი ბულგარეთი იქნებოდა, მაგრამ ორი ტურის შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

ცხრილის მწვერვალს ყველაზე მეტად საქართველო შეგვეცილება, ყველაზე სახიფათო ის არის. გიბრალტართან 4:0 ტრიუმფის შემდეგ დღეს, რაზგრადში, ქართველებმა ბულგარეთთან დამაჯერებლად გაიმარჯვეს — 5:2.

„ბაიერნის” ფრანგი ლეგენდის ვილი სანიოლის მოთამაშეებმა უპირატესობას დავითაშვილის გოლით მე-4 წუთზევე მიაღწიეს, ნახევარ საათში კი სხვაობა ჰრისტოვის ავტოგოლით გაზარდეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ილიევის წყალობით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ამას ქართველების სამი გოლი მოჰყვა. ზივზივაძემ ანგარიში 3:1 გახადა, კვარაცხელიამ პენალტით მეოთხე გაიტანა, ვაკოს დარტყმის შედეგად კი 5:1 დადგა.

ერთადერთი რაც ბულგარელებმა შეძლეს, სტეფანოვის გოლით წაგების შემსუბუქება იყო, თუმცა სტუმრებს კიდევ ერთის გატანის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ კვეკვესკირმა პენალტი ზუსტად ვერ დაარტყა”.