
როგორც ცნობილია, რაზგრადში საქართველოს ნაკრებთან 2:5 დამარცხების შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. შეჯიბრება კი გრძელდება. ბულგარელებს 9 ივნისს გიბრალტარში ელით თამაში, ხოლო თორმეტში თბილისში ჩამოდიან შურის საძიებლად.
როგორც ბულგარული პრესა წერს, პეტროვის პოსტს ყველაზე დიდი ალბათობით პლოვდივის „ლოკომოტივისა” და „ლევსკის” ყოფილი ფეხბურთელი გეორგი ივანოვი დაიკავებს.
გეორგი ივანოვს გონზოს ეძახიან. ის 45 წლისაა. ფეხბურთელობისას ხსენებული ორი კლუბის გარდა თამაშობდა „რენში”, „სამსუნსფორში”, „გაზიანთეფსფორსა” და „რიეკაში”.
გონზოს სამწვრთნელო გამოცდილება ორი კლუბით შემოიფარგლება. ის სათავეში ედგა „ლევსკისა” და ვარნის „ჩერნო მორეს”. ივანოვი ნაკრების პრობლემებში გარკვეულია, რადგან ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა.
გავრცელებული ხმების თანახმად კავშირის პრეზიდენტმა ბორისლავ მიჰაილოვმა გონზომდე დიმიტარ დიმიტროვს შესთავაზა პეტროვის ადგილი, მაგრამ 62 წლის სპეციალისტმა, რომელიც ბოლოს „არდა კარჯალის” ედგა სათავეში, უარი თქვა. არ არის გამორიცხული, რომ დიმიტროვი, რომელსაც ჰეროს ეძახიან ნაკრების კონსულტანტი ან ტექნიკური დირექტორი გახდეს.





![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)