No description available.საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ვილი საინოლის გუნდმა ბულგარეთის ნაკრებზე ყველა ძველი წყენა და ჯავრი რაზგრადში იყარა. ქართველები მეტოქის რბევას დასაწყისიდანვე შეუყვნენ და ზურიკო დავითაშვილმა მეხუთე წუთზევე შეაგდო. პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ გავიტანეთ, თუმცა აქედან მხოლოდ ანდრეა ჰრისტოვის ავტოგოლი ჩაგვითვალეს, რომელიც ირაკლი აზაროვის დარტყმის შედეგად გავიდა.

მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ ჩვენების შეჩერება შეუძლებელი იყო. მთავარი ის არის, რომ სანიოლის გუნდმა გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. გოლებიც ნაირ-ნაირი გავიდა: დახატული კომბინაციით, პენალტით, სწორი ფეხბურთით. თავი გამოიჩინეს ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ვაკო ყაზაიშვილმა.

ბულგარელთაგან გოლების ავტორები იყვნენ ათანას ილიევი და ილიან სტეფანოვი.

მთლიანობაში ჩვენებმა ის ფეხბურთი ითამაშეს, რასაც მონატრებული ვართ. მართალია, ბოლოს ცოტა ავირიეთ, გოლიც გავუშვით, ნიკა კვეკვესკირმა პენალტიც ვერ გაიტანა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავს უფლებას მივცემთ ვთქვათ: ეს არაფერი…

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი იასენ პეტროვი კი ეროვნულ გუნდს გამოემშვიდობა.

„დღეს, ჩვენს გასამხნევებლად მოსულ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი იმისთვის, რაც ვაჩვენეთ. ამის მერე მე თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ მაქვს. ჩემს შემცვლელს წარმატებას ვუსურვებ”, — თქვა მან.

მიხეილ ჟორჟოლიანი რაზგრადიდან

What a shame! Impersonal Bulgaria was defeated by Georgia in Razgrad 1