Bobby Mihailov summoned Gonzo and Yasen Petrov to meeting 1ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა თავისი „ლომებისა” და საქართველოს ნაკრების დღევანდელი დაპირისპირების შესახებ ილაპარაკა. რაზგრადში ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარელები ვილი სანიოლის ბიჭებს მასპინძლობენ. ორივე გუნდისთვის ეს მეორე შეხვედრაა. ბულგარელებმა პირველი თამაში შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 დაასრულეს, საქართველომ კი თბილისში გიბრალტარს 4:0 მოუგო.

„ჩვენს შემადგენლობაში აუცილებლად იქნება ცვლილებები, — თქვა პეტროვმა, — მართალია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან არავინ დაგვშავებია, მაგრამ ორ ფეხბურთელს პრობლემა აქვს. თუმცა, შემადგენლობას იმიტომ ვცვლით, რომ იმ ბიჭებისგან, რომლებიც გამოძახებული გვყავს, მაქსიმუმი მივიღოთ. კერძოდ რამდენ ფეხბურთელს შევცვლით, ამას ხვალ ნახავთ.

საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. მე დიდ პატივს ვცემ მეტოქის დამრიგებელს ვილი სანიოლს.

ველი, რომ ეს შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული იქნება. მეტოქე დაწვრილებით შევისწავლეთ. თამაში შეიძლება ჩვენთვის იოლიც გამოდგეს და რთულიც. ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ გავამარტივებთ, მარტივი იქნება, ხოლო თუ გავირთულებთ — რთული. რაც შეეხება იმას, დავრჩები თუ არა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელად, ამაზე არ ვღელავ”.

დასასრულ, პეტროვმა თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ფავორიტები აღარ არსებობენ.

პეტროვი: „ვინმეს ფავორიტად მიჩნევა სახიფათოა. ჩვენ მოგება გვინდა, მაგრამ თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ”.